-
2014-04-27 14:57
სტამბოლის აეროპორტში საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრების წევრი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ინციდენტი გუშინ მოხდა, როდესაც ეროვნული ნაკრები მაკედონიიდან საქართველოში, თურქეთის გავლით ბრუნდებოდა.
„ფეხბურთელი ბორტგამცილებელს გაეხუმრა, რომ მას თან ჰქონდა ე.წ. "საათი ბომბი". ეს იყო ხუმრობა, ცხადია, თუმცა პილოტმა გადაწყვიტა, პოლიციისთვის ეცნობებინა. თვითმფრინავი დაცალეს და რეისი სამი საათის დაგვიანებით განხორციელდა. ფეხბურთელი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. იგი დაკითხვის შემდეგ, დაახლოებით 1 საათში, ყოველგვარი ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს", - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში.
ფეხბურთელის ვინაობა არ სახელდება, რადგან იგი არასრულწლოვანია. დაკავებულის გათავისუფლებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საელჩო თურქეთში და ფეხბურთის ფედერაცია. გუშინ დაკავებული ფეხბურთელი, მენეჯერთან ერთად, ქვეყანაში დღეს დაბრუნდება.