
თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში მომხდარი შემზარავ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. წინასწარი ვერსიით, მან დედა სასტიკი წამებით მოკლა, გვამი პლედში გაახვია, გაკოჭა, თავზე პოლიეთილენის პარკი წამოაცვა და საღორეში დამარხა.
მომხდარი მკვლელობის ექსკლუზიურ დეტალებს, ასევე მკვლელობაში ეჭვმიტანილის კრიმინალურ დოსიეს „კვირის პალიტრა“ აქვეყნებს.
„როგორც სოფლის მაცხოვრებლები ჰყვებიან, ანზორ ბოგველაძისთვის ეს პირველი დანაშაული არ ყოფილა, დედის - დეზდემონა ჩხაიძის მკვლელობამდე იგი სამჯერ იყო ნასამართლევი: მეზობლის ქალის მკვლელობისთვის, მეზობელი გოგონას გაუპატიურებისა და თანასოფლელი ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის. როგორც სოფელ ეწერის რწმუნებული გვიყვება, ბოგველაძეს არა მარტო დედასთან და ძმასთან, მეზობლებთანაც ხშირად ჰქონდა კონფლიქტი“, - წერს გამოცემა და სოფლის რწმუნებულთან ინტერვიუსაც აქვეყნებს:
„შაბათს, შუადღეს, თვითონ ანზორს უთქვამს მეზობლისთვის, რომ დედა საღორეში ჰყავდა დამალული, დედაჩემს "წავესპორე", საღორეში გდია და იქნებ სასწრაფოს დაუძახოთო. ეს ტრაგედია ხუთშაბათს მოხდა, შაბათ ღამეს კი გამჟღავნდა. ქალბატონი რომ აღარ ჩანდა, მეზობლებიც ეძებდნენ.
ამ კაცს შეეფუთა გვამი, ქალს მკლავებზე სისხლჩაქცევები ჰქონდა. თვითონ ამბობს, სკამი ჩავარტყი თავშიო. მიწა ამოუჩიჩქნია და მიცვალებულისთვის წაუყრია. დედის გვამი პლედში გაუხვევია და თოკით გაუკოჭავს, თავზე კი ცელოფანი ჰქონდა შემოხვეული. არ ვიცი, გაგუდვის მიზნით, თუ იმის გამო, რომ სისხლის კვალი არ დაეტოვებინა... როცა ანზორს ჰკითხეს, გვამი რატომ შეფუთეო, თქვა, სასაფლაოზე უნდა წამეღო და მამის გვერდზე დამემარხაო.
ადრე მეზობლის ინვალიდი გოგონა გააუპატიურა, მერე ჰქონდა კიდევ სხვისი გაუპატიურების მცდელობაც. დიდხანს თავისუფლებაზე არც ყოფილა - დანაშაულს დანაშაულზე სჩადიოდა - მოიხდიდა სასჯელს და წელიწადი არ იყო გასული, ახალ დანაშაულს სჩადიოდა და იჭერდნენ. რამდენიმე დღის წინ მეზობლებთან მოუვიდა კონფლიქტი - კარი არ გაუღეს და ერთი ამბავი ატეხა“, - ჰყვება „კვირის პალიტრასთან“ სოფელ ეწერის რწმუნებული ვაჟა ბერუაშვილი.
"კვირის პალიტრის" ფოტო