
„ბათუმელების“ ცნობით, სამართალდამცველებმა დააკავეს ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ხალვაში, იგივე „ქელფეთა“, რომელიც ადამიანთა გატაცებებსა და 2004 წელს ბათუმის აქციების დარბევის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.
„ქელფეთა“ ასლან აბაშიძესთან ერთად ბათუმიდან მოსკოვში მას შემდეგ წავიდა, რაც აქციების შედეგად ასლან აბაშიძის ხელისუფლება დაემხო. დავით ხალვაშის მიმართ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლითაა აღძრული. მის მიმართ ბრალდებებში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნაც ფიგურირებს.