
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის მოვლენებმა არათუ შეცვალა, კიდევ უფრო გააღრმავა "ქართული ოცნების" პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან რაციონალური დიალოგი შესაძლებელია.
ამის შესახებ პრეზიდენტმა "მაესტროს" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მთელი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წორედ ამ პოზიციაზე დგანან და რუსეთან პარტნიორული დამოკიდებულებისკენ საქართველოსაც უბიძგებენ:
"ის, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ შესაძლებელია და შესაძლებელია რუსეთისთვის ამ პოზიციის ჩვენება, რომ ეს მისთვის მომგებიანია და არა წამგებიანი, არ იყო მხოლოდ "ქართული ოცნების" პოზიცია. ეს არის პოზიცია, რომელსაც იზიარებენ და მუდმივად გვიბიძგებდნენ ამისკენ ჩვენი პარტნიორები როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში.
ის, რომ რუსეთთან დასაწყებია რაციონალური დიალოგი – არაერთხელ გამოუთქვამთ დასავლეთის ლიდერებს. უკრაინის მოვლენებმა შეგვიცვალა თუ არა ეს პოზიცია? კი არ შეცვალა, პირიქით, გააღრამავა, ისევე, როგორც ეს პოზიცია ჩამოყალიბდა მთელს მსოფლიოში და სწორედ ამ პოზიციით ესაუბრებიან რუსეთს.
რუსეთის მიმართ აგრესიის, მისი გარიყვის ან რკინის ფარდის ჩამოფარება – ასეთი გეგმა არც ერთ იმ ფორუმზე არ განხილულა, რომელიც რუსეთისთვის პასუხის გაცემას გეგმავდა. უაღრესად რთული არჩევანის წინაშე დგანან ჩვენი პარტნიორები – ერთის მხრივ მათ არ უნდათ გარიყონ რუსეთი, იმიტომ, რომ გარიყული რუსეთი იქნება უფრო აგრესიული, მეორეს მხრივ, უნდა გასცენ მკვეთრი პასუხი", - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.