საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში "ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის", "თბილისი 2015" ჩატარების ხელშემწყობი სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, რომ 19 მარტს ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, რადიოები ”დარდიმანდი ” და “აფხაზეთის ხმა” – „თბილისი 2014“-ის ევროპის მძლეოსნობის გუნდური ჩემპიონატის რადიოპარტნიორი გახდნენ.
როგორც რადიო „დარდიმანდის“ მუსიკალურმა ხელმძღვანელმა ნინო ჩხეიძემ განაცხადა, პარტნიორობის ფარგლებში რადიოები ღონისძიებების მუსიკალურ გაფორმებასა და პოპულარიზაციაზე იზრუნებენ. მისივე თქმით, ორივე რადიოს ბაზაზე ჩაიწერება ფესტივალის ჰიმნი, მომზადდება სიუჟეტები და გავა რეკლამა.
ცნობისთვის, თბილისი წელს 49 ქვეყნის 3.800-მდე სპორტსმენს უმასპინძლებს, პირდაპირ ტრანსლირებას „ევროსპორტი“ განახორციელებს. ქართული მძლეოსნობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც საქართველო ასეთი რანგის შეჯიბრებას უმასპინძლებს.