
„ასავალ-დასავალი“ „ფეისბუქის“ საშუალებით ავრცელებს მის მიერვე დამზადებულ ვიდეორგოლს „საბა-ტაჟი ქართული ცნობიერების წინააღმდეგ“. ქსელში ამ რგოლს დოკუმენტური ფილმის პირველი სერია თავად გამოცემამ უწოდა.
ვიდეოში მოყვანილია ფრაგმენტები ზაზა ბურჭულაძისა და პაატა შამუგიას შემოქმედებიდან, რომელთაც თავად ავტორები კითხულობენ. ფრაგმენტები ეპატაჟური ხასიათისაა. ამავე ხასიათის ფრაგმენტები ახლავს ვიდეოს ტიტრებად, ხოლო დასაწყისში მოყვანილია ციტატა, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილ უფროსს მიეწერება.
„ასავალ-დასავალის“ ვიდეოს მიხედვით, გამოქვეყნებული ვიდეო დოკუმენტური ფილმის პირველი სერიაა.
შეგახსენებთ, რომ „ასავალ-დასავალსა“ და ქართველ მწერალთა ახალგაზრდა ფრთას შორის დაპირისპირება თანდათან ღრმავდებოდა გაზეთში გამოქვეყნებული წერილების გამო, რომლებიც მწერალთა ნაწილის დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენდა, რის წინააღმდეგაც მწერლებმა გაილაშქრეს.
"საბა" "თი-ბი-სი ბანკის" სპონსორობით ტარდება და წელიწადში ერთხელ მწერლებს აჯილდოვებს. მის დასკვნით ეტაპზე მონაწილეობას არამარტო ახალგაზრდა და ახალბედა, ცნობილი მწერლებიც იღებენ. მაგალითად, ცნობილი ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი აცხადებს, რომ "საბას" პრემია ძალიან კეთილშობილური საქმეა. მას "საბას" პრემია ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის გამო მიენიჭა.
ყურადღება: ვიდეო შეიცავს არანორმატიულ ლექსიკას