
თელავში, თეატრის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია ჩაშალეს და პარტიის წევრებს, მათ შორის დეპუტატებს გიორგი ღვინიაშვილსა და ლევან ბეჟაშვილს კვერცხები დაუშინეს. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
„თელავში უნდა გაგვემართა აქცია, არჩევნების შემდეგ რომელი ობიექტები გაჩერდა და ხელისუფლებისთვის მოგვეწოდებინა, რომ მუშაობა გაეგრძელებინათ, თუმცა საშუალება არ მოგვცეს. მოვარდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები, მათ შორის იყვნენ საჯარო მოსამსახურეები, ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულები და აქცია ჩაშალეს. მონაწილეობდნენ ალიკა შათირიშვილი, წყალმომარაგების კომპანიის თელავის სერვის – ცენტრის უფროსი, ასევე ბექა ჟურული – სახანძრო სამსახურის უფროსის მოადგილე, სახანძრო სამსახურის თანამშრომლები და სხვები, სამუშაო საათებში. ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული. არცერთი პოლიციელი არ მოვიდა, რომ ეს ხულიგნობა და ხელშეშლა აღეკვეთა“, – აღნიშნა ღვინიაშვილმა.
ალიკა შათირიშვილის განცხადებით, ის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნამდვილად იყო, თუმცა „ნაციონალებისთვის“ კვერცხები არ უსვრია.