
მსოფლიოს უდიდესი ავიაკონტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილის (ქართველის) იუბილის აღსანიშნავად დღეს, საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი ავი-შოუ გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საავიაციო ბრიგადის ლ-39 „ალბატროსი“-სა და სუ-25 „მიმინო“-ს ტიპის თვითმფრინავებმა მიიღეს.
31-ე ქარხნის აეროდრომზე საავიაციო ბრიგადის მფრინავთა შემადგენლობამ საფრენი აპარატებით უმაღლესი პილოტირების მანევრები შეასრულა. ავია-შოუ პარაშუტისტებმა გახსნეს, რომლებმაც AN-2 ტიპის თვითმფრინავებიდან გადმოხტომისას საქართველოსა და აშშ-ის დროშები გაშალეს. შესრულდა ტაქტიკური ფიგურები და ვერტიკალური გაშლა. ავია-შოუ სუ-25 ტიპის თვითმფრინავებმა საქართველოს დროშის ფერის კვამლის გამოშვებით დაასრულეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ალექსანდრე ქართველის ღვაწლზე ისაუბრა. „არიან ადამიანები, რომლებიც თავისი ცხოვრების განვლილი გზით, შრომით, მოღვაწეობით ლეგენდად რჩებიან... სწორედ ასეთი სახელი და გვარია ალექსანდრე ქართველი "ქართველიშვილი". ამ უდიდესმა ქართველმა-ამერიკელმა შეცვალა ავიაციის ისტორია. მისი ინოვაციური იდეების განხორციელება მეოცე საუკუნის პირველი პერიოდიდან დაიწყო და დღემდე აქტუალურია... ალექსანდრე ქართველის შექმნილი საფრენი აპარატები კვლავ ემსახურება მსოფლიოში მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის იდეას...
ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის და როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის, უდიდესი პატივია, რომ დღეს ჩვენ ამ ადამიანის სახელს სათანადო პატივს მივაგებთ. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საინიციატივო ჯგუფს, ბატონ რამაზ ბლუაშვილს და "ლანგეითს", რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა, რათა ჩვენ აქამდე მოვსულიყავით.
ალექსანდრე ქართველი ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწეა ამერიკის სამხედრო ავიაციის ისტორიაში. ის აშშ-ის სამხედრო ავიაციის, სამხედრო დომინირების ფუძემდებლად ითვლება. მისი სახელის წამოწევა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში ორივე ქვეყნის საზოგადოებისთვის კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ ღრმად აქვს გადგმული ფესვები ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობას“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მინისტრმა ქართული საზოგადოებისთვის ალექსანდრე ქართველის სახელის უკეთ გაცნობის მიზნით დაგეგმილ სხვა პროექტებზეც ისაუბრა.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ტომას მელია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ალექსანდრე ქართველის შთამომავლები, საზოგადო მოღვაწეები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
დღესვე, თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანას „ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის საავიაციო ქარხნის“ სახელი მიენიჭა. ლეგენდარული ავიაკონსტრუქტორის პატივსაცემად 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე ფოტო-გამოფენა მოეწყო.