
„თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე აცხადებს, რომ თუკი მოქმედი შს მინისტრი წინა ხელისუფლების დროს ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე საუბრობს, მაშინ ისიც უნდა ითქვას, რომ თავადაც იმ სისტემის ნაწილი იყო.
ამის შესახებ განცხადება თეა თუთბერიძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გააკეთა: „თუ იმაზე ვისაუბრებთ, რომ შს მინისტრის თქმით, ძალოვანი სტრუქტურები და კერძოდ, შს სამინისტრო დანაშაულს ჩადიოდა, მაშინ ვიკითხოთ, ვინ იყო იმ დროს ალექსანდრე ჭიკაიძე? სად მუშაობდა? ხომ იყო პოლიციის განყოფილების უფროსი?
და თუკი ის იმ სიტემის ნაწილი იყო, პატიოსან ადამიანს, რომელიც ამჩნევდა ამ ყველაფერს, ორი რამ უნდა გაეკეთებინა: მინიმუმ, დაეწერა რაპორტი და წასულიყო ამ სისტემიდან, მაქსიმუმ – უნდა გამოსულიყო და საჯაროდ ემხილებინა ეს სისტემა. რომელიმე გააკეთა ჭიკაიძემ ამ ორიდან?“, – იკითხა თეა თუთბერიძემ.