
სოდის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება დაუსწრებლად შეუფარდა, წითელი ცირკულარით იძებნება.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო ძებნა ერეკლე კოდუაზე საქართველოს ეროვნული ბიუროს მიერ გადაგზავნილი მასალების საფუძველზე 24 მარტს გამოცხადდა.
„საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2014 წლის 21 მარტს მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს 1973 წლის 15 თებერვალს დაბადებულ ერეკლე ნოდარის ძე კოდუას მიმართ, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მოთხოვნით. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებული მასალები საქართველოში ინტერპოლის ცენტრალური ბიურს მიერ მიეწოდა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს, რომელიც 2014 წლის 24 მარტს ერეკლე კოდუას მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით“, - აცხადებენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში.
პროკურატურის ინფორმაციით ერეკლე კოდუამ საქართველო დატოვა 2012 წლის 6 ოქტომბერს და მას შემდეგ მისი ქვეყანაში შემოსვლა აღარ ფიქსირდება.
მისი ადგილსამყოფელის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ვალერი გელაშვილმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი უნგრეთში თავშესაფარს ითხოვს.
ერეკლე კოდუას უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვისქვეშ მყოფის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ოთარ კახიძე ვერ ამბობს დადასტურებით შედის თუ არა ერეკლე კოდუას გეგმებში პოლიტიკური თავშესაფრის ძიება.
„ინტერპოლით ძებნა არ გულისხმობს დანაშაულის დადასტურებას. ძალაშია უდანაშაულობის პრეზუმფცია. რაც შეეხება პირის ადგილსამყოფელს, მე ვერც დაგიდასტურებთ და არც უარვყოფ ევროკავშირის ერთერთ სახელმწიფოში ერეკლე კოდუას ყოფნის თაობაზე. ცნობისათვის, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ქვეყანამ პიროვნებას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა, ამ ქვეყნის სამართალდამცავები მის ექსტრადირებას აღარ განახორციელებენ“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ინტერპოლით ძებნის გამოცხადების შესახებ ინფრომაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ერეკლე კოდუას მეუღლე. ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ ძებნის გამოცხადება სიახლე არ არის, აჟიოტაჟი კი სულ სხვა თემების გადაფარვის მცდელობაა:
„რატომღაც დღეს ატყდა აჟიოტაჟი რომ ირაკლი კოდუა ინტერპოლის სიაში ჩასვეს:) ძველია ეს ამბავი მეგობრებო. მინიმუმ 10 დღის:) აააა, გამახსენდა ამ ქვეყანაში ხომ ისევ აქტუალურია თემების გადაფარვა:) ვიღაცა ბავშვურად რაღაცას იბჟუტურებს და მერე იმის გამოსოწრებას ძველი ნიუსების ამოწევით ცდილობენ:) რა პრობლემაა:) ეს ფილმი ხომ ყველას ნანახი გვაქვს:)“, - წერს ჟორჟოლიანი.
მომზადებულია ტელეკომპანია „იმედის“ რეპორტაჟის მიხედვით