
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას, შესაძლო დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სპეციალური ბრიფინგით უპასუხა.
საპარლამენტო უმცირესობა ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას აბსურდს უწოდებს და მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვს:
„ჭიკაიძეს და ჩვენს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ევრომაიდანს აწყობს არა ოპოზიცია, არამედ უკრაინაში ევრომაიდანი მოაწყო იანუკოვიჩმა, რომელმაც უღალატა თავისი ქვეყნის ინტერესებს და ჩააგდო ქვეყანა იმ დღეში, რომელშიც დღეს უკრაინა იმყოფება.
ჭიკაიძეს უწყებაში ჰყავს პოლიციელები, რომლებიც იპარავენ ნივთმტკიცებულებებს, კილოგრამობით ნარკოტიკებს. გაუხსნელია დეპუტატზე თავდასხმის საქმე, მოწმეთა პროგრამაში ჩართული ადამიანები იღუპებიან. საერთაშორისო პრესაში ყოველდღე ჩნდება ანალიტიკოსების სტატიები, რომლებიც საუბრობენ, რომ გაზრდილია რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ აგრესიის საფრთხე. ამ საფრთხეს მხოლოდ ჭიკაიძე ვერ ხედავს.
გარდა ამისა, ევრაზიული კავშირი აპირებს, რომ ახალგორში ოფისი გახსნას. ამ ფონზე დღეს ჰაკიმ ფაშას ხელისბიჭმა შემოგვთავაზა სრული ბოდვა „ასავალ-დასავალის“ სტილში“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.