
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ შს მინისტრის განცხადება თბილისში მოსალოდნელი ევრომაიდნის შესახებ აბსურდი და სრული ბოდვაა:
"შინაგან საქმეთა მინისტრი თუ ასე აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ეს არის სრული აბსურდი და ბოდვა. შეგახსენებთ, რომ საზღვრის შიდა კონტროლიც მთლიანად არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლქვეშ. არცერთი ასეთი ფაქტი არ ყოფილა, არც სურვილი და არც განზრახვა.
მზადდება რაღაცა პროვოკაცია, უნდა რომ თავი გვამართლებინოს. ეს არის არათუ აბსურდი, არამედ ბოდვა. ჩვენ, როგორც საპარლამენტო უმცირესობა. მოვიწვევთ შს მინისტრს და მოიტანოს კონკრეტული ფაქტები. როგორ შეიძლება ასე? რაზე საუბრობს? რა ზონდერებზე საუბრობს? აბსოლუტურად არაადეკვატურია, ტყუილია ეს გამონათქვამი.
ეს ისახავს მიზნად, რომ ხალხი შეაშინოს და დააფრთხოს ამისთანა გამონათქვამებით. როგორც ჩანს, ეს მისი გადაწყვეტილება არ არის, რადგან არც ფაქტობრივი მასალა არ ყოფილა. არ არსებობს ასეთი რამ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ."
მაჭავარიანის თქმით, ყველამ იცის, რომ ჭიკაიძე, რეალურად, არ არის შს მინისტრი და ეს ყველამ იცის, ხოლო ეს განცხადება, მისი თქმით, იმისთვის დასჭირდათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ რაღაც „ჰაკიმ-ფაშური გეგმები“ არსებობს. მაჭავარიანის განცხადებით, ამ ბრალდების საპასუხოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ბრიფინგის გამართვას გეგმავს:
"ხელისუფლებას, როგორც ჩანს, არჩევნების ეშინია და უნდა ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე. პირველი: რაღაცა პროვოკაცია მზადდება "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ, ამიტომ დასჭირდა მთავრობას ეს განცხადება. ჭიკაიძე რომ რეალურად შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის, ეს ყველამ იცის ამ ქვეყანაშიც და ამ ქვეყნის გარეთაც. მათ არჩევნების წინ დასჭირდათ ახალი ტალღა "ნაციონალური მოძრაობის" დისკრედიტაციისთვის.
ჩემი პოზიციაა მოვიდეს პარლამენტში ჭიკაიძე და ღიად ილაპარაკოს, რა მონაცემები და რა ფაქტები აქვს, მაგრამ ეს არის ტყუილი. ეს არ არის მისი გადაწყვეტილება. არ აქვს მას ფაქტობრივი მასალა, როგორც ჩანს, რაღაც ახალი ჰაკიმ ფაშური რაღაცეები იგეგმება. ეს არის ჰაკიმ ფაშას დაგეგმილი ახალი პროვოკაცია“, - ამბობს მაჭავარიანი.