
შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ადასტურებს, რომ ბოლო დროს მედიაში გავრცელებული ხმები თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ევრომაიდნის შესაძლო მოწყობის შესახებ საფუძველს მოკლებული არ არის.
მინისტრი ამბობს, რომ ამ კუთხით ოპერატიული ინფორმაცია შინაგან უწყებასაც აქვს და გეგმის განხორციელებაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან ჩართული. შს მინისტრი უფრო შოესაც მიდის და ამბობს, რომ აქტივისტების მოსამზადებლად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკრაინიდან ევრომაიდნელები ჩამოიყვანა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ მხრივ, სავარაუდოდ, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გააქტიურდება, თუმცა, არაა გამორიცხული, ნიადაგი მანამდეც მოისინჯოს:
„დიახ, არის ასეთი ინფორმაცია. მათ სურთ რაღაც ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება, შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება. არის ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან, გამოიწვიონ ქვეყანაში აურზაური და ეს კეთდება იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაამყარონ.
მე მგონი, ამას თვითონ საზოგადოება არ დაუშვებს, რადგან დღეს ქვეყანა დგას სწორ გზაზე. მეტსაც გეტყვით, მათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან ევრომაიდანის აქტივისტები, ატარებენ ტრენინგებს და მოსამზადებელ სამუშაოებს. ეს ინფორმაცია მედიაშიც მუსირებს. მათ საფარქვეშ ჰყავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა, შემდეგ ისევ მათმა ხალხმა ესროლოს ვინმეს და ეს დაბრალდეს ხელისუფლებას.
იგეგმება, რომ გაშალონ კარვები, სადაც 300-400 კაცის მობიზილებას მოახდენენ. მე მჯერა, რომ ჩვენი ოპონენტები, თავადვე მიხვდებიან, რომ ეს არ არის ის გზა, რომელიც ქვეყანას, ან ნებისმიერ ჩვენგანს რაიმე სიკეთეს მოუტანს“,- ამბობს შს მინისტრი და დასძენს, რომ სამინისტრო ეცდება, მოვლენების ამ სცენარით განვითარება არ დაუშვას:
„ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, არ დავუშვათ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და აღვკვეთოთ ყოველგვარი მსგავსი ქმედება. მათ, პირველ რიგში, საზოგადოება უპასუხებს და გაცილებით მკაცრად. საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი სისხლი დაიღვარა. ეს ხალხს აღარ სჭირდება, ხალხს სჭირდება სიმშვიდე და ნორმალური განვითარება“,- ამბობს ჭიკაიძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში.