
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ სამი დღის წინ, უკრაინასთან დაკავშირებულ სტატიაში მის მიერ ნაწინასწარმეტყველევი საოლქო შენობების დაკავება აღმოსავლეთ უკრაინაში რეალობად იქცა.
ამასთან, რუსულ ენაზე გაკეთებულ ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ თუ დივერსანტები დაკავებულ შენობებში 48 საათზე მეტხანს გაძლებენ, რუსეთის არმია აუცილებლად შეიჭრება აღმოსავლეთ უკრაინაში.
„ეს ზუსტად იგივე სცენარია, რაც ყირიმში იყო: თავადაპირველად მიტინგი და, თუკი მიტინგი არ იმუშავებს, შეჭრა. ანუ, თავდაპირველად სურკოვის, ხოლო შემდეგ კი - პატრუშევის გეგმა“, - წერს სააკაშვილი.
ის უკრაინის ხელისუფლებას საყოველთაო მობილიზაციისთვის მზადყოფნას ურჩევს, რათა აღმოსავლეთის საზღვრები დაიცვას. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის სადაზვერვო სამმართველო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდა, მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ხელისუფალთ, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უკრაინის შეიარაღებული ძალების ადგილობრივ მეთაურებს.