
მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში რეფორმების ცენტრს ქმნის. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა კიევში, გადაცემა - "სტუმრად დიმიტრი გორდონთან" საუბრისას განაცხადა.
როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, ვაშინგტონში შექმნის რეფორმების ცენტრს, სადაც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს მსურველებს.
მისივე განცხადებით, მსგავსი ცენტრის გახსნას კიევშიც ფიქრობს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონთან საუბრისას აღნიშნა, რეგიონის ბედი დღეს სწორედ უკრაინაში წყდება.
,,ეს იქნება ასევე საგანმანათლებლო ცენტრი. ჩამოვიყვანთ სტუდენტებს, მათ შორის ქართველებსაც. ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე უნივერსიტეტთან, რათა რაიმე სახით განვაზოგადოთ ჩვენი გამოცდილება.
ჩვენი რეგიონის ბედი დღეს იმდენად არ წყდება ტუნისში ან ნიგერიაში, სადაც ადგილობრივმა მთავრობამ მიმიწვია ლექციების წასაკითხად, არამედ უკრაინაში. უკრაინა წყვეტს არა მხოლოდ საკუთარ არამედ, საქართველოს, მოლდოვას, რუსეთის ბედსაც კი", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, უკრაინას უდიდესი პოტენციალი აქვს რეფორმების თვალსაზრისით, რადგან ძალიან განათლებული ახალგაზრდა თაობა ჰყავს.
"მაგრამ არსებობს სხვა საფრთხეებიც; მაგალითად, აქ კიევში, მეც კი მირეკავენ და სამსახურში მოწყობას მთხოვენ, რადგან იციან, რომ უამრავი ნაცნობი მყავს უკრაინაში. რა თქმა უნდა, ასეთი ტალღაც არის. მაგრამ, მეორე მხრივ, უდიდესი ახალი ტალღა არსებობს, რომელსაც არ უნდა ძველი წესებით ცხოვრება", - აღნიშნა მან.