
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტში გამართული კითხვა-პასუხის დროს თათუხაშვილების სახლში გადაღებული ფოტოები წარმოადგინა და განაცხადა, რომ შალვა თათუხაშვილი ვერ გადაძვრებოდა ფანჯრიდან, რომელსაც უძრავი გისოსები ჰქონდა.
ნადირაშვილმა პარლამენტის წევრებისგან კითხვების მოსასმენად მისულ ირაკლი შოთაძეს და ეკა ბესელიას შესთავაზა, ერთად წასულიყვნენ თათუხაშვილების სახლში და შოთაძე გადამძვრალიყო იმ ფანჯრიდან, საიდანაც, მისი თქმით, შალვა თათუხაშვილი გადაძვრა.
ირმა ნადირაშვილი: ,,მე მაინტერესებს, კონკრეტულად, რომელი ფანჯრიდან გადაიპარა და წავიდეთ ქალბატონო ეკა, მე და თქვენ და მითხარით, რომელი ფანჯრიდან გადაიპარებოდა. აქ მაქვს ყველა ფოტო“
შოთაძე: ,,არ ჩაგვიტარებია საგამოძიებო ექსპერიმენტი, მისი ჩვენების გადასამოწმებლად დავეყრდენით მის ჩვენებას, რომელიც მან მოგვცა. ოჯახის წევრებიც ადასტურებენ, რომ ფანჯრიდან გადაიპარაო.
ირმა ნადირაშვილი: „სიტყვასიტყვით ვციტირებ რაც გუშინ განაცხადეთ ,,ჩვენ ჩავატარეთ გამოძიება და ის გადაიპარა ფანჯრიდან. ბატონო ირაკლი, ქალბატონო ეკა, ერთად წავიდეთ იმ სახლში და ბატონი შოთაძე გადაძვრეს იმ ფანჯრიდან. როდის იტყუებით: ახლა, თუ როცა თქვით, რომ გადაძვრა ფანჯრიდან?“
ირაკლი შოთაძე: ,,არ ვიტყუები, გუშინ რომ განვაცხადე, ვიხელმძღვანელე ჩვენებიდან, მათ შორის, ირაკლი ზაქარეიშვილსაც ნათქვამი აქვს, რომ ფანჯრიდან გადაძვრა.“
ამ კითხვის შემდეგ მანანა კობახიძემ, რომელიც ბიუროს სხდომა მიჰყავს , განაცხადა რომ ოთხ საათზე იწყება პლენარული სხდომა, რის გამოც უნდა გადაიდოს მთავარი პროკურორის მოადგილესთან შეკითხვები.
ამ განცხადებას დარბაზში ხმაური და შემდეგი შინაარსის რეპლიკები მოჰყვა :
,,ახლა ამათ დაურეკა ფარცხალაძემ და უთხრა გადადეთო , შემდეგ შეხვედრამდე დაამუშავებენ“.