
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმის „მაკდონალდსის“ მშენებლობის პერიოდს იხსენებს. ამის შესახებ სააკაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს:
„ბათუმში მაკდონალდსის გახსნას 2005 წლიდან დაჟინებით ვთხოვდით მე და ლევან ვარშალომიძე „კოკა-კოლას“ კომპანიას, რომელიც დიდი ხანი ფეხს ითრევდა. პირდაპირ გვითხრეს, რომ მათთვის ბათუმი პატარა, უმნიშვნელო პროვინციული ქალაქი იყო და ბოლოს 2010 წელს დაგვთანხმდნენ.
მე შევარჩიე რესტორნის ადგილი და არქიტექტორი, 25 წლის ნიჭიერი ახალგაზრდა გიორგი ხმალაძე, რომლის იტალიაში სტაჟირებაზე წაყვანა ვთხოვე მშვიდობის ხიდისა და ბათუმის იუსტიციის სახლის ავტორს - მიკელე დე ლუჩის. ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვთხოვე „სოკარი“ ჩართულიყო ამ პროეკტში.
მინდოდა აგვეშენებინა არა უბრალოდ "მაკდონალდსი", არამედ ის, რაც ბათუმსა და საქართველოზე მორიგ ჯერზე აალაპარაკებდა მსოფლიოს და ამის ავტორი არა უცხოელი, არამედ ქართველი ყოფილიყო. ათასჯერ ვყოფილვარ "მაკდონალდსში" ბევრ ქვეყანაში და არასდროს არ მოუხდენია შთაბეჭდილება, მაგრამ მინდოდა ჩვენ სხვანაირი გამოგვსლოდა. მგონი, გამოგვივიდა.
ახლა ისეთი დროა, რომ ქართველებს უმტკიცებენ, პატარა, უმნიშვნელო სოფელი ვართ და მეტზე არ უნდა გავიქაჩოთო. მოვა დრო, როდესაც ისევ დავიჯერებთ, რომ სინამდვილეში, ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია!“, - წერს სააკაშვილი.