-
2014-04-03 02:16
ჟურნალისტი, გაზეთ "ქრონიკა+"–ის რედაქტორი ელისო კილაძე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის საქმის ვიდეომასალის გავრცელებას ეხმიანება და წერს, რომ ვიდეო დაკითხვის დროს არაა გადაღებული.
როგორც ელისო კილაძე წერს, მან გულდასმით შეისწავლა ვიდეომასალა და ამ დასკვნამდე კონკრეტულ დეტალებზე დაყრდნობით მივიდა:
"განსაკუთრებული ყურადღება მივაქციე ვიდეომასალას... პროკურატურაში დაკითხვაზე, მსგავს ოთახში, ორჯერ ვარ ნამყოფი მოწმის სტატუსით.
ფანჯრისკენ ზურგით ზის გამომძიებელი,წინ უდევს ლეპტოპი და იწერს შენს ჩვენებას. გამომძიებლის წინ ზის მოწმე. გავრცელებულ ვიდეომასალაში კი გამომძიებლის ადგილას ზის მოწმე თათუხაშვილი.
მინიმუმ, რაც შემიძლია ვთქვა, ვიდეოჩანაწერი დაკითხვის დროს გადაღებული არ არის. პროკურატურაში დაბარებულ მოწმესთან ინტერვიუს ჩაწერას კი, როგორც ვიცი,საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს", – წერს ელისო კილაძე.
აღსანიშნავია, რომ ამ სტატუსის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალები, რომლებიც სხვადასხვა რესურსზე, მათ შორის, "იუთუბის" ამ ბმულზეც იყო გამოქვეყნებული (თავად მთავარი პროკურატურის პროფილით) წაიშალა.
"აფხაზეთის ხმა" აქვეყნებს იმის დამადასტურებელ კადრებს, რომ ვიდეომასალის ბმული ჩვეულებრივ გაიხსნა და ჩამოიტვირთა, რამდენიმე წუთში კი წაიშალა.
დამატება: პროკურატურამ "იუთუბზე" კადრები ხელახლა გამოაქვეყნა, თუმცა, როგორც ამ სქრინ–ფოტოდან ჩანს, თავდაპირველი და ახლანდელი კადრების ქრონომეტრაჟი უმნიშვნელოდ, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავებულია. ამასთან, "აფხაზეთის ხმამ" შეადარა ადრე და ხელახლა გამოქვეყნებული ვიდეოები ერთმანეთს და განსხვავება მათში თითქმის ვერ იპოვა, თუ არ ჩავთვლით ტიტრს, რომელიც ვიდეოს იმ ნაწილს ადევს, სადაც შალვა თათუხაშვილი ჩანს. ამას გარდა, პირველ ვარიანტთან შედარებით, მეორეში გამოსწორებულია აუდიოს ხარვეზებიც. შესაძლოა, პროკურატურის მიერ კადრების წაშლა და ხელახლა გამოქვეყნება სწორედ ამ ხარვეზის აღმოფხვრას უკავშირდებოდა და ეს ქმედება, უბრალოდ, დროში დაემთხვა ელისო კილაძის სტატუსს.
