-
2014-04-02 22:03
ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში გაიმართა და იქ დამსწრეებს მხოლოდ სპეციალური საშვებით უშვებდნენ, რამაც იმ მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებსაც საშვი არ ჰქონდათ.
„რა განსხვავებაა წინა და ახალ მთავრობას შორის, თუ საშვების გარეშე ვერ მოვხვდებით ასეთ შეხვედრებზე? მე სოფლიდან ჩამოვედი და არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ მივეცი ხმა, დღეს კი ჩემი არჩეული პოლიტიკური ძალის პრემიერთან მინდოდა შეხვედრა და არ მიშვებენ, წერილი მაქვს გადასაცემი.
ასე არ მიშვებდნენ მიშასთანაც და მაშინ ამიტომ ვბრაზობდი და ახლა რატომ არ უნდა გავბრაზდე, ღარიბაშვილი რითი სჯობია მიშას? არც არაფრით...“, - უთხრა „აფხაზეთის ხმას“ დარჩელიდან ჩამოსულმა ნელი კემულარიამ, რომელმაც დაცვას უარი უთხრა შეთავაზებაზე, მისთვის გადაეცა წერილი, პრემიერის გადასაცემად.
სპეციალური საშვები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა და იმ პირებმა მიიღეს, ვინც ხშირად ჩნდებოდნენ ამ პოლიტიკური ძალის მიერ გამართულ სხვადსხვა აქციაზე. ასევე, სპეციალური საშვის მქონეთა რიცხვში მოხვდნენ იმ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები და მონაწილეები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ზუგდიდში და სამეგრელოს სხვა რაიონებში კახა მიქაიასა და მისი ჯგუფის მიერ ტარდებოდა.
პრემიერმინისტრის გამოსვლის ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში „თავისუფალი ზონის“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი ყოფილი პროკურორი ფატიმა შენგელიაც შეუერთდა.
„ჰაკიმ ფაშა და 41 ყაჩაღი“; „ქართული ზღაპრები - ჰაკიმ ფაშა და ყაჩაღები"; „შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები"; „გამოიკვლიეთ, ვინ მოკლა შალვა თავთუხაშვილი" - ამ და სხვა შინაარსის პლაკატები ეჭირათ აქციის მოანწილეებს. მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა ამ საპროტესტო აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული“ უწოდა და მის მონაწილეებს ეკამათა. აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა დადიანების სასახლის ეზო დატოვა.
საპროტესტო აქცია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის პარალელურად მიმდინარეობდა, „ლაივპრესმა“ გადაიღო.