
საქართველოში რუსეთის საკონსულოსთან, ჭავჭავაძის 73 ნომერში სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები რუსული პასპორტებისთვის რიგში დგანან.
როგორც "აფხაზეთის ხმამ" ადგილზე გაარკვია, რიგში მდგარი მოქალაქეების უმრავლესობა ეროვნებით სომეხია. ისინი მედიასთან კონტაქტს თავს არიდებენ, თუმცა, პირად საუბარში, კადრსმიღმა ამბობენ, რომ რუსეთის პასპორტებისა და ვიზების დაჩქარებული, გამარტივებული წესით გაცემის შესახებ ახლობლებისგან შეიტყვეს და თბილისში ჩამოვიდნენ.
გაურკვეველი დარჩა, რა კლასიფიკაციის მიხედვით გაიცემა რუსეთის პასპორტები,რადგან საკონსულოს ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ვერ მოხერხდა. მეტიც, საკონსულოს დაცვამ განგვიმარტა, რომ შენობის გარე ფასადისა და სპეციალურ დაფაზე გაკრული განცხადებების გადაღება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე არ შეიძლება. საკონსულოსთან უკვე გაჩნდა სპეციალური შეთავაზებები რიგში მდგომთათვის, ძირითადად, ვიზების მომლოდინე მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სერვისს, მათ შორის, ტრანსპორტირებასაც სთავაზობენ.
ფოტოები საკონსულოს მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული. შეგახსენებთ, რომ თბილისში მდებარე რუსეთის საკონსულოში ეთნიკურად სომეხ საქართველოს მოქალაქეებზე რუსეთის პასპორტების დაჩქარებული წესით გაცემაზე განცხადება არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრმა კონსტანტინე გამსახურდიამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ამის უკან საქართველოს გაყოფის რუსული გეგმა იმალებოდეს.