-
2014-04-02 12:19
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი გამომძიებელ დავით ძნელაშვილის მიერ შალვა თათუხაშვილის საქმეზე შედგენილ ოქმს ასაჯაროებს. ადვოკატის ინფორმაციით , ოქმი დავით ძნელაშვილის მიერ იმის დასადასტურებლად არის შედგენილი, თითქოს შალვა თათუხაშვილმა თანხმობა განაცხადა მოწმის დაცვის სპეციალურ ღონისძიებაში ჩართვაზე,თუმცა თათუხაშვილის ხელმოწერა ოქმზე არ ჩანს.
"ხსენებული ოქმი ხელმოწერილია გამომძიებელ დავით ძნელაშვილის მიერ, ხოლო "დასაცავი პირის" შალვა თათუხაშვილის ხელმოწერა ოქმზე არ აღინიშნება.
მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დაცვის სპეციალურ ღონისძიებაში მოწმის ჩართვას – დასაცავი პირის თანხმობის გარეშე. ასეთი თანხმობა შალვა თათუხაშვილს მიცემული არ აქვს.
ზემოაღნიშნულით, როგორც მინიმუმ, დასტურდება, რომ განხორციელდა მტკიცებულების ფალსიფიკაცია, რაც გამოყენებული იქნა შალვა თათუხაშვილისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესანიღბად.
(დანაშაულები გათვალისწინებული საქ. სსკ–ის 143–ე მეხლის მე–4 ნაწილით; 333–ე მუხლის მე–3 ნაწილით; 335–ე მუხლის მე–2 ნაწილით; 369–ე პირველი პრიმა მუხლის მე–3 ნაწილით)", - აცხადებს ირაკლი ზაქარეიშვილი.
ოქმში, რომელიც 24 თებერვლით თარიღდება ნათქვამია:
"ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა გამომძიებელმა, შევადგინე აღნიშნული ოქმი მასზედ, რომ დღეის რიცხვს სისხლის სამართლის #1006805 საქმეზე, მოწმის სახით დაიკითხა შალვა გოგის ძე თათუხაშვილი, რომელმაც დანაშაულის ჩადენაში ამხილა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები და ჩვენება მისცა მათ წინააღმდეგ.
დაკითხის შემდგომ, იმ მოტივით, რომ მან გამოძიებას მისცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების მამხილებელი ჩვენებები და არის ერთ-ერთი მოწმე, რის გამოც, სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობის გასაჯაროებით მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შესაძლოა, დაემუქრის საფრთხე, განაცხადა თანხმობა ჩართულ იქნეს დაცვის სპეციალური პროგრამაში", - ნათქვამია ოქმში, რომელსაც ხელს მხოლოდ პროკურორი დავით ძნელაშვილი აწერს.