-
2014-04-01 23:42
"ტვ 25-ის" დამფუძნებელი და დირექტორი გია სურმანიძე,მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის მხრიდან მასზე და მის მეგობარზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მის პარტნიორს შვილს უხსენებდნენ და ემუქრებოდნენ.
ამის შესახებ გია სურმანიძემ „მე რეპორტიორთან“ (სამოქალაქო ჟურნალისტიკის ბლოგი) საუბარში განაცხადა:
,,პროკურატურაში დაგვიბარეს. საღამოს 10 საათზე მივედით და დილის 6 საათამდე ვიმყოფებოდით პროკურატურაში. აქამდე ერთხელ ვარ ნამყოფი კბილაშვილის დროს.
იყო ჩვეულებრივი დაკითხვა, მაგრამ ამ შემთხვევაში იყო ქუჩური გარჩევები. 7-8 პროკურორი იყო “კორიდორში” და იქ მიდიოდა საქმის გარჩევა, შემდეგ კაბინეტში შეგვიყვანეს. უნდა დაგვესახელებინა მაღალჩინოსნები, კერძოდ ნაცვლიშვილი , ჩხატარაშვილი და ვანო მერაბიშვილი.
ჩვენ გვაიძულებდნენ გვეთქვა, რომ ეს ტელევიზია იყიდეს ამ პიროვნებებმა. ისინი მეუბნებოდნენ რომ ვიცით, მათ არ უყიდიათ ტელევიზია, მაგრამ ხელი დაადეთო.
ჩემი პარტნიორს შვილის ფოტები დაგვიდეს მაგიდაზე და გვითხრეს, რომ მას ამა და ამ კაფეში უყვარს სიარული და ხომ არ გეშინიათ რომ იჩხუბოსო. ბოლოს გვითხრეს, რომ არც შენი ტელევიზია გვაინტერესებს და არც შენი ქონებაო, რასაც გეუბნებით თუ იმას გააკეთებთ ჩვენგან მიიღებთ გარანტიებს, რომ პრობლემა არ შეგექმნებათ.
ბოლოს უკვე გაათამაშეს იმიტაცია, რომ ვითომ პირდაპირ მივყავდით ციხეში. ამ ყველაფერში 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მათ ხელმძღვანელობდა ახლანდელი მთავარი პროკურორი ბადაშვილი.
იგი ესწრებოდა ამ ყველაფერს უშუალოდ. დაკითხვის მეორე დღეს ჩემი მეწყვილე ადვოკატს გამოსტაცეს, თითქოს მას სხვა პროკურორი იბარებდა. ამ დროს მას სტაცეს ხელი და ბადაშვილთან აიყვანეს, უხსენეს ბიზნესი და მასზე მიდიოდა ზეწოლა“.
გია სურმანიძის თქმით, მომხდარის შესახებ წერილობითი ფორმით აცნობეს პრემიერ-მისტრ ღარიბაშვილს, თუმცა მათ პასუხი არ მიუღიათ. სურმანიძე ამბობს, რომ ის კბილაშვილის მთავარი პროკურორობის დროს ერთხელ უკვე იყო დაკითხვაზე, თუმცა, მაშინ ჩვენების მიცემის ფორმა ცივილური იყო, ახლა კი, მისი თქმით, დაკითხვა ,,ქუჩურ გარჩევას“ დაემსგავსა.