
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, სადაც დეპუტატების შეკითხვებს იუსტიციის მინისტრი პასუხობდა, თეა წულუკიანსა და ჩიორა თაქთაქიშვილს შორის კამათი მოხდა.
თაქთაქიშვილმა წულუკიანს გამოუძიებელი საქმეები გაახსენა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა დააკისრა.
,,თქვენ აცდენილი ხართ რეალობას, იმ რეალობას, რომელშიც გარდაიცვალა თათუხაშვილი, რომელსაც შეეწირნენ სასჯელარსრულების დაწესებულებებში ქურდულ გარჩევებს თუ ადმინისტრაციის მხრიდან წამებას, კორტავა, ძველაია, ფარტენაძე, მაისურაძე.
არ აფიქსირებთ დამოკიდებულებას საქმეში მხილებული ორი პროკურორის მიმართ, რომლებსაც ბრალი ედებათ თათუხაშვილის წამებაში, სწორედ მათ ადებს ხელს ნუგზარ წიკლაური, რომელსაც ჰპირდებით, რომ პირად კონტროლზე აიყვანთ მისი ცემისა და გატაცების ფაქტს.
მთავარი პროკურორია გიორგი ბადაშვილი, რომელსაც მხოლოდ სურათზე იცნობს ხალხი და პარლამენტთან არ არის ანგარიშვალდებული. სწორედ თქვენი მიღებული კანონის გამო, ის არაა ვალდებული პარლამენტთან. თქვენ მოგიწევთ ყველა ამ დანაშაულზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება.“- მიმართა ჩიორა თაქთაქიშვილმა თეა წულუკიანს.
პასუხად იუსტიციის მინისტრმა უპასუხა, რომ ეს კითხვები უნდა დაუსვან შს მინისტრს, მთავარ პროკურორს, თუმცა მანამდე კანონი და კონსტიტუცია უნდა წაიკითხოს თაქთაქიშვილმა.
„კმარა, ქალბატონო ჩიორა. მე თქვენ რომ გისმენთ, გული მწყდება: არც კანონი იცით, არც კონსტიტუცია წაგიკითხავთ. ისიც არ იცით რომ კანონებს მინისტრები არ წერენ. კანონს წერთ თქვენ.
თქვენ მიიღეთ კანონი, მათ შორის თქვენც, რომელმაც თქვა, რომ იუსტიციის მინისტრს ინდივიდუალურ სისხლის სამართლის საქმეში ჩარევა ეკრძალება. ჩემი წინამორბედი იყო თქვენს მიერ შექმნილი პოლიტიკოსი, გენერალური პროკურორი, მართლმსაჯულების ხელმძღვანელი, რომელიც გიბრძანებდათ, რა კანონები უნდა მიგეღოთ, მიიჭრებოდა "საკანონმდებლო მაცნეში" და გამოქვეყნებულ კანონებს ხელით ასწორებდა.
არ მითხრათ, არ იყო ასეო. როდესაც თქვენ პარლამენტში კანონს მიიღებდით და მას „მაცნე“ გამოაქვეყნებდა, შევიდოდა და გაასწორებდა, რაც არ მოეწონებოდა. თქვენი ფუნქცია ნულამდე იყო დაყვანილი და ახლა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოგეცათ აზრების გამოთქმის საშუალება.
ვინ გისმენდათ ადრე – საკუთარი ხელისუფლება არ გისმენდათ. არ გაქვთ კანონი წაკითხული და კანომდებლისთვის ეს არის დიდი სირცხვილი. მე თქვენ გაგეცით პასუხი - აქ იქნება მთავარი პროკურირ, შს მინისტრი... ის გაგცემთ პასუხს. სანამ ისინი მოვლენ, კანონი წაიკითხეთ,“- უპასუხა წულუკიანმა, რასაც თაქთაქიშვილის მხრიდან მოჰყვა რეპლიკა, რომ კანონისთვის, რომელიც მთავარ პროკურორს ათავისუფლებს პარლამენტთან ურთიერთობისგან, საპარლამენტო უმცირესობას არ დაუჭერია მხარი.
,,რას ეუბნებით გარდაცვლილი თათუხაშვილის, მიქაუტაძის მშობლებს, მე კი არ უნდა გამცეთ პასუხი, ამ ადამიანების მშობლებს უნდა გასცეთ პასუხი. ქალბატონო თეა, ოროსნები თქვენს მთავრობაში მოიკითხეთ, ვინც არ კითხულობს და არც იცის კითხვა, ზოგიერთმა“.
ამის შემდეგ კითხვა იუსტიციის მინისტრს გიორგი თევდორაძემ იუსტიციის სახლის ფუნქციონირების დაწყებასთან დაკავშირებით დაუსვა, რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ დასკვნაში წერია, რომ თქვენ ჭანჭიკები დაგაკლდათ, ამ შენიშვნას დარბაზში ეკა ბესელიას ხმამაღალი სიცილი მოჰყვა, რის გამოც თაქთაქიშვილმა სხდომა დატოვა.
გიორგი თევდორაძე: ,,ამ დროის განმავლობაში რამოდენიმე გიფსოკარდონი აკლდა იუსტიციის სახლს და...“
თეა წულუკიანი: ,,გაეცანით, აქ ყველგან წერია, რომ გაკლიათ ჭანჭიკები, როცა თქვენ ეს იქ მიაბით, ასე წერია: აკლია ჭანჭიკები, აკლია ჭანჭიკები...“
ჩიორა თაქთაქიშვილი: ,,ადამიანი ჯერ არ არის გასვენებული ქალბატონებო და თქვენ რა ჭანჭიკების ნაკლებობაზე ლაპარაკობთ, აზრზე ხართ საერთოდ?..“