
„თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება:
„სამწუხაროდ, არ მესმის, არც მინდა გავიგო და ვერც ვერასდროს გავიგებ იმ ადამიანებისას, რომლებიც აღფრთოვანებულ სტატუსებს წერენ ნუგზარ წიკლაურის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივი თავდასხმის ირგვლივ. ჩემთვის ერთნაირად შემაშფოთებელი იყო და არის თავდასხმა დეპუტატ ვალერი გელაშვილზე, დეპუტატ კობა დავითაშვილზე და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე.
ის ადამიანები კი, ვინც წუხელ მომხდარი დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული კრიმინალური თავდასხმით ნუგზარ წიკლაურზე, აღფრთოვანებას ვერ მალავენ დღეს, არიან ისეთივე მოძალადეები და კრიმინალური მენტალიტეტის მატარებლები, როგორებიც თავდამსხმელები.
ამიტომ, ნურავინ მეტყვის, რომ ამ ადამიანებს ძალიან აღელვებთ ან აღელვებდათ 2012 წელს პატიმრების ბედი ან ზოგადად, ადამიანის უფლებები. არა, მათ უბრალოდ ეს ყველაფერი გამოიყენეს იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც ისინი უბრალოდ, რბილად რომ ვთქვათ, ვერ იტანდნენ. ეხლა კი იმის შესახებ, თუ რატომ მგონია, რომ ეს საქმე დარჩება გამოუძიებელი . . . ამ ადამიანებს, რომლებსაც სახეზე აფარებული ჰქონდათ ნიღბები და შეიარაღებულები იყვნენ ელექტროშოკით, შეუძლებელია არ ჰქონდეთ გარანტია იმისა, რომ ისინი ნუგზარ წიკლაურის მიმართ განხორციელებული თუ დაგეგმილი ქმედებისთვის პასუხს არ აგებენ.
ის ფორმები, რაც გამოყენებული იქნა დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის მიმართ, აშკარად მიანიშნებს იმ ტიპის მეთოდებზე, რასაც ძალოვან უწყებაში მომუშავე პირები იყენებდნენ მათი ხელმძღვანელებისთვის პოლიტიკურად მიუღებელი პირების მიმართ. როგორც ჩანს, ბრძოლის ეს მეთოდები წარსულს არ ჩაბარებია.
მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლება ამ საქმეს ვერ გამოიძიებს, რადგან თუ ის 8 თავდამსხმელი დაისჯება, ისინი აუცილებლად იტყვიან იმ ადამიანების სახელებს და გვარებს, ვისი მითითებითაც შალვა თათუხაშვილის წინააღმდეგ განხორციელედა წამება და ძალადობა სასურველი ჩვენებების მიღების მიზნით.
დღეს მოვისმინე ხელისუფლებაში მყოფი არაერთი პირის განცხადება, რომ თურმე დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ორგანიზებული თავდასხმის მიმართ წინასწარ დასკვნები არ უნდა გავაკეთოთ. ცოტა გამკვირვებია ბატონებო და ქალბატონებო თქვენი. მე არ მახსენდება, მაგრამ იქნებ თქვენ თავად გამახსენოთ თუნდაც ერთი შემთხვევა, როცა თქვენი ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში წინასწარ დასკვნების გამოტანისგან და შეფასებებისგან თავის შეკავება გიცდიათ? ოპოზიციაში მყოფებმა, ყოველთვის წინასწარ იცოდით, თუ რა მოხდა სინამდვილეში და ეხლა როცა ხელისუფლებაში ხართ, ეს თქვენი საოცარი უნარი, გამოძიების გარეშე დაგედგინათ სიმართლე, სად გაქრა?“, - წერს თეა თუთბერიძე.