
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე დამნაშავეთა დასჯა და ჭეშმარიტების დადგენა მაღალი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანაა.
უსუფაშვილის განცხადებით, ბოლო დროს ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემთხვევები გახშირდა, რაც შესაძლოა, ინდივიდუალური ხასიათის არ იყოს და ჯაჭვის რგოლს წარმოადგენდეს.
"მინდა შევუერთდე ყველა მოქალაქის აღშფოთებას ამ ვანდალური ფაქტის თაობაზე. პარლამენტის წევრს, რომელიც გუშინ გვიან სახლში ბრუნდებოდა, როგორც თავად იხსენებს და როგორც მეზობლების ჩვენებიდან ირკვევა, რამდენიმე პირი დაესხა.
მას მიაყენეს საკმაოდ მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა და დაზიანება, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ასეთი ფაქტი ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ, განსაკუთრებით პარლამენტის წევრის წინააღმდეგ არის სრულიად მოუთმენელი. დარწმუნებული ვარ, სამართლადამცავი ორგანოები, ძალიან მალე, უმოკლეს ვადებში გახსნიან დანაშაულს. ფაქტის მიმართ იქნება განსაკუთრებული ყურადღება.
როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის გარშემო შეკრებილ ღრუბლებზე, უნდა ვიყოთ ფრთხილად. სად რა თემები იქნება წინ წამოწეული, სად მოხდება დაძაბულობის შესაძლო ესკალაცია, ჩვენ არ ვიცით, ეს მტერმა იცის.
ამიტომ მსგავსი ფაქტები გამოუძიებელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს და დამნაშავეებმა საკადრისი პასუხი უნდა აგონ. ჩვენ ვხედავთ, გარკვეულ გამოცოცხლებებს, გარკვეულ ფიზიკურ შეხლა-შემოხლას სხვადასხვა თემის გარშემო.
გაცილებით მეტი ყურადღება გვამრთებს ახლა, რადგან ეს შეიძლება არ იყოს ინდივიდუალური მოვლენები და ფაქტები და შეიძლება ერთიანი ჯაჭვის რგოლებთან გვქონდეს საქმე", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკოსებს, სამართალდამცავ ორგანოებსა და საზოგადოებას განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.