-
2014-03-31 13:25
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს საპარლმენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე ეხმაურება.
დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ბაქრაძე დავით უსუფაშვილს მოუწოდებს წიკლაურის ცემის ფაქტის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოს:
"ის, რაც მოხდა გუშინ, როგორც ჩანს, ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციასთან ბრძოლა გადავიდა თვისობრივად ახალ ეტაპზე, როდესაც კრიტიკული აზრის გამოთქმა უშუალოდ უკავშირდება ფიზიკური არსებობის რისკს. მე მინდა, წინასწარ მოვუწოდო ხელისუფლებას, ნუ ეცდება არსებულის გამართლებას რაიმე კონფლიქტის ან შელაპარაკების ვერსიით. არანაირი შელაპარაკება არ ყოფილა. კარგად მომზადებული და შეიარაღებული რვა ადამიანი სპეციალურად ელოდებოდა დეპუტატს საკუთარ სახლთან, მათ არ მოსვლიათ არანაირი შელაპარაკება, არ თქმულა არც ერთი სიტყვა.
მისვლისთანავე პარლამენტის წევრს თავს დაესხნენ და ცდილობდნენ ის ჩაესვათ მანქანაში და გაეტაცებინათ. ეს ვერ მოახერხეს მხოლოდ მისი ფიზიკური წინააღმდეგობის და მეზობლების ჩარევის გამო. ჩვენ მოვითხოვთ ამ ფაქტის უსწრაფეს გამოძიებას, ვინაიდან ნებისმიერი გაჭიანურება ამ საქმის გამოძიებისა დაადასტურებს ეჭვს, ჯგუფი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, გახლდათ კარგად მომზადებული და სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი ჯგუფი, სავარაუდო კავშირებით ძალოვან სტრუქტურებთან თუ სპეცსამსახურებთან.
ამიტომ მოვწოდებთ ხელისუფლებას, უმოკლეს ვადაში გამოიძიოს ეს ფაქტი და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პირად კონტროლზე აიყვანოს ეს გამოძიება და უზრუნველყოს ის, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის გატაცების მცდელობა იყოს შესაბამისად გამოძიებული და ყველა დამნაშავე დასჯილი", -განაცხადა დავით ბაქრაძემ.