
არასამთავრობო ორგანიზაცია „დედამიწა ჩვენი სახლიას“ ლიდერი ელგუჯა ხოდელი პუშკინის სკვერში რუსეთის სახელმწიფო დროშით გამოსვლისა და აქციის გამართვის გამო მოქალაქეებმა სცემეს, რის შემდეგაც ის პოლიციამ გამოძახებულ სასწრაფოში ჩასვა.
„აფხაზეთის ხმის“ მიერ გადაღებულ ექსკლუზიურ ვიდეოკადრებში კარგად ისმის, როგორ თათბირობენ პოლიციის მაღალჩინოსნები, როგორ გაიყვანონ აძაბულობის ეპიცენტრიდან ელგუჯა ხოდელი და მისი რამდენიმე მომხრე. „საით მიბრძანდებით?“, - ეკითხება მას პოლიციელი, რის შემდეგაც ისინი მარშრუტს განიხილავენ.
პოლიციის მაღალჩინოსნებმა, რომლებიც კადრში ჩანან, არ უპასუხეს „აფხაზეთის ხმის“ შეკითხვას, რატომ ზრუნავდნენ აქციის მონაწილეთა ტრანსპორტირებაზე, ხოლო მოგვიანებით, როცა მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ გამოჩნდა შავი, სავარაუდოდ, ერთერთი სახელმწიფო უწყების ბალანსზე მყოფი ავტომანქანა, სადაც ჩაჯდომა ხოდელსა და მის მხარდამჭერებს შესთავაზეს, ასევე აარიდეს თავი პასუხის გაცემას შეკითხვაზე, რატომ სთავაზობდნენ სახელმწიფო ავტომანქანით მომსახურებას პრორუსული აქციის მონაწილეებს.
საბოლოოდ, უკვე მოყვანილ მანქანაში სახელმწიფო ნომრით BSS 022 ელგუჯა ხოდელი არ ჩასვეს, მაგრამ იქვე შესთავაზეს ა/ო-ს წარმომადგენლებს, რომ სასწრაფოს გამოიძახებდნენ და იქ ჩასვამდნენ, თანაც, პოლიცია გაჰყვებოდათ. საბოლოოდ ასეც მოხდა: სასწრაფომ ხოდელი დაძაბულობის ეპიცენტრს გაარიდა, მოშორებით კი გაჩერდა და საპატრულო პოლიციის მანქანას დაელოდა.
„აფხაზეთის ხმის“ კადრებში ასევე ჩანს, როგორ აგინებს ელგუჯა ხოდელის თანმხლები პირი ახალგაზრდებს საპირისპირო აქციიდან, ასევე პრორუსული აქციის მონაწილე ორი გოგონა, რომელთაგან ერთმა განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის, ხოლო მეორე ამტკიცებდა, რომ აქ „გატაცებული 11 რუსი ჯარისკაცის მხარდასაჭერად მოვიდა“, ხოლო 2008 წელს რუსეთმა ომი იმის გამო დაიწყო, რომ ვლადიმირ პუტინი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან „ლილიპუტინად“ მოხსენიებამ გააღიზიანა.