
კოალიცია „ევრაზიული არჩევანის“ ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე აცხადებს, რომ მან შს მინისტრის სახელზე დაწერა წერილი, სადაც მოითხოვს მის მიერ ჩატარებული აქციებისა და ღონისძიებების მსვლელობისას შესაძლო პროვოკაციებისგან დაცვას.
ამის შესახებ ჭყოიძე „კორესპონდენტ.ჯი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს: „დავწერე მიმართვა წერილობითი სახით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართით, სადაც მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი მოვითხოვ, ჩემს მიერ ჩატარებული აქციების და ღონისძიებების მსვლელობისას შესაძლო პროვოკაციებისგან დაცვას.
სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე“ შეიქმნა მორიგი გვერდი ჩვენი რადიკალი მოწინააღმდეგეების მიერ, სადაც ,,რია ნოვოსტის“ ოფისში ჩემს მიერ დაგეგმილი ტელეხიდის ჩაშლით იმუქრებიან. იმედია, სახელმწიფო დადგება მოწოდების სიმაღლეზე და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებასთან ერთად მოგვცემენ საშუალებას ადამიანებს, რომ დავკავდეთ პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი საქმიანობით, კანონით დაშვებულ ფარგლებში“, - აცხადებს ჭყოიძე.
ჭყოიძე რუსი ჯარისკაცების საპატივცემულოდ მისი კოალიციის წევრებისა და ევრაზიული კავშირის მომხრეების მხრიდან ფეხზე წამოდგომის ფაქტსაც ეხმაურება:
„ჩემს მოსაზრებას პირადპირ გეტყვით. გარდაცვლილი რუსი ჯარისკაცებისთვის პატივის მიგება ფეხზე წამოდგეომით, როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, მოსაწონი საქციელი არ არის.
მე პირადად, ყოველ დაღუპულ ადამიანს წამოვუდგებოდი ფეხზე: ქართველს, რუსს, ოსს, მაგრამ არ გამოვყოფდი რუს ჯარისკაცებს.
სამწუხაროდ, ზოგიერთმა საინფორმაციო სააგენტომ კინოს სახლში გამართული ეს შეკრება თუ კინო-ჩვენების ორგანიზება ,,ევრაზიულ არჩევანს“ მიაწერა, რასაც კატეგორიულად ვემიჯნები. გულბაათ რცხილაძესთან და მის ორგანიზაციასთან კოორდინირებულად არ ვმოქმედებთ“, - აღნიშნავს ჭყოიძე.
მისივე განცხადებით, უკრაინისა და საქართველოს სიტუაციის ერთმანეთთან შედარება დაუშვებელია, რადგან ყირიმი უკრაინას ეკუთვნის, აფხაზეთი კი ისტორიულად საქართველოს კუთვნილი ტერიტორიაა: „კიდევ ერთხელ გეუბნებით, აქციის სახელწოდება იყო ,,ყირიმი - რუსეთია, აფხაზეთი - საქართველოა“.
ყირიმსა და აფხაზეთს შორის პარალელის გავლება არაფრით არ შეიძლება, ვინაიდან აფხაზეთი იყო ისტორიულად საქართველოს კუთვნილება, ჩვენი ძირძველი მიწა საუკუნეების მანძილზე, ხოლო ყირიმი სულ რაღაც 60 წლის წინ შეიყვანეს უკრაინის შემადგენლობაში. ამ აქციაზე არავის არ უნდა ესაუბრა, რომ აფხაზეთი არ იყო საქართველო“, - აცხადებს ჭყოიძე.