-
2014-03-20 15:43
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთისა და უკრაინის ბანდფორმირებებს კავკასიის ტერიტორიაზე კონტრაბანდული იარაღი ევროკავშირის ქვეყნების გავლით შემოჰქონდათ.
ამის შესახებ ცნობას უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს. „გვაქვს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ უკრაინაში დიდი რაოდენობით საბრძოლო იარაღი ევროკავშირის ერთერთი ქვეყნის გავლით შედიოდა. ამის შემდეგ შეიარაღებული დაჯგუფებები ჩრდილოეთ კავკასიიის რეგიონებში მიემართებოდნენ“, - ნათქვამია უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, უკანონო ქმედების გამო რუსეთისა და უკრაინის რამდენიმე მოქალაქე დააპატიმრეს. გავრცელებული ცნობით, დაკავებისას დამნაშავეებს „დონეცკი-იზვარინის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გადასვლისას აღმოაჩნდათ ისეთი ცეცხლსასროლი იარაღები, როგორებიცაა: Desert Eagle, Smith & Wesson, SIG Sauer და სხვა.
იმავე დღეს მათი თანამზრახველები ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე რეგიონში დააკავეს. სულ ამოღებულია 40 საბრძოლო იარაღი. ჯერჯერობით უცნობია თუ რა მიზნით აპირებდნენ შეიარაღებული დაჯგუფებები ამოღებული საბრძოლო მასალის გამოყენებას.