
პროკურატურა საქართველოს ყოფილი პრემირმინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ამსახველი ფოტომასალის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
პროკურატურა მიიჩნევს, რომ ფოტოების გავრცელება გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით მოხდა:
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განმარტება გავაკეთოთ ინტერნეტის საშუალებით უცნობი წყაროს მიერ გავრცელებულ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ფოტოებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება ერთადერთ მიზანს, ხელი შეეშალოს საქმეზე მიმდინარე გამოძიებას და დაგეგმილ საგამოძიებო მოქმედებებს, ვინაიდან, ამ ეტაპზე აღნიშნული მასალის გამოქვეყნებამ შეიძლება დააზიანოს და გაართულოს საქმეზე მტკიცებულებების მოპოვება.
ზ.ჟვანიას და რ.უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს. გასული წლების განმავლობაში საქმეში დატოვებულია მთელი რიგი გამოუკვლევი დეტალები და პროკურატურის მთელი ძალისხმევა მიმართულია ყველა არსებულ კითხვაზე პასუხის გასაცემად.
ამ ეტაპზე დეტალების სრულად გამჟღავნება ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს, რაც, უდიდესი ინტერესის მიუხედავად, საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს“,– განაცხადა პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა.