-
2014-03-18 04:34
მონიტორინგის კომპანიის, შპს IPM–ის დამფუძნებელი გოჩა ცქიტიშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ ერთერთი დაბალრეიტინგული ტელევიზია, რომელშიც დიდი ფულია ჩადებული, იმ პირთა კონფიდენციალურ სიას სთხოვდა, ვისაც ფიფლმეტრები აქვს დაყენებული.
IPM არის TV MR GE-ს პარტნიორი ორგანიზაცია და გოჩა ცქიტიშვილმა ინფორმაცია მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „თი-ვი-ემ-არ ჯორჯიას“ ოფისში შევიდა და ფიფლმეტრის მქონე ოჯახების სიის ამოღება მოინდომა. ოფისში შესვლის მიზეზი სწორედ ამ სიაში შემავალი ოჯახების მისამართების შეუტყობინებლობა გახდა.
გოჩა ცქიტიშვილი:
,,დაახლოებით სამი კვირის წინ პრივატული შეხვედრა ითხოვა ერთ-ერთმა ტელევიზიამ. პრივატულ საუბარში მთხოვეს, რომ რამენაირად გადამეცა მათთვის სიები. მე ავუხსენი, რომ ჩემთვის სიები ხელმისაწვდომი არ იყო და არაფერში არ გამოადგებოდათ. იმიტომ, რომ ოჯახებზე ზეწოლა ძალიან მალე, სამი დღის განმავლობაში არის შვეიცარული კომპანიის მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობილი.
მე ხვალ დავწერ გარკვეულ დეტალებს. ვერ გეტვით ვისთან იყო შეხვედრა, მაგრამ მერე მე ვიტყვი, რომელი ტელევიზიის წარმომადგენელნი იყვნენ, რომლებიც მე მთხოვდნენ კონფიდენციალური არხებით ჩამეგდო ხელში სიები და გადამეცა მათთვის.
მე მათ ავუხსენი, რომ ეთიკური ადამიანი სხვას არ სთხოვს სიების არალეგალური გზით ხელში ჩაგდებას, მე ვუხსნიდი რომ ეს უპერსპექტივო საქმეა. მე ყველაფერს მოვყვები.
(კადრში ისმის შეკითხვა: „მიზეზი რა იყო ამ მოთხოვნის?“)
გოჩა ცქიტიშვილი:
„მიზეზი ისაა, რომ ამ ტელევიზიას აქვს დაბალი რეიტინგი, თუმცა მასში არის დიდი თანხები ჩადებული. მე ყველაფერს მოვყვები იმისდა მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ბატონები, რომლებსაც სამი საათის განმავლობაში ზეწოლა ჰქონდათ კომპანიის დირექტორზე, მე მან ეს მითხრა და ხვალ პრესრელიზში ესეც დაიწერება, თუ როგორ მოაწერინეს ხელი ოქმზე საგადასახადო სამსახურის ოთხმა წარმომადგენელმა.
მათ ჩემგან მიიღეს ორი სახის პასუხი სიების გადაცემის მოთხოვნაზე. პირველი - თავი შეიკავონ არაეთიკური შეთავაზებისაგან, სხვა შემთხვევაში მიიღებენ თავმოყვარე კაცის პასუხს, მაგრამ იმ პრივატულ საუბარში მე თავს ამის უფლება არ მივეცი და მეორე - მხოლოდ მოუმზადებელი, უწიგნური ადამიანი ცდილობს სიების ხელში ჩაგდებას, რადგან იმ სიების გამოყენების შესაძლებლობა არ არსებობს, სამაგიეროდ არსებობს კერძო კომპანიის დაზარალების შესაძლებლობა“.
(ვიდეო გოჩა ცქიტიშვილის კომენტარით გამოქვეყნდა "რუსთავი2"–ის დირექტორის ნიკა გვარამიას გვერდზე)
შეგახსენებთ, რომ „თი-ვი ემ-არ საქართველო“ „ნილსენის“ სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ლიცენზირებული წარმომადგენელია საქართველოში და 350-ზე მეტი „ფიფლმეტრის“ საშუალებით ტელევიზიების რეიტინგებს ზომავს. კომპანიის კლიენტები - საქართველოში მოქმედი 11 ტელევიზია და 18 სარეკლამო სააგენტოა.
„თი-ვი ემ-არ საქართველო“ კვლევაში მონაწილე ოჯახების კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით შემოსავლების სამსახურს სთავაზობდა „ფიფლმეტრების“ ოჯახებიდან გადმოტანასა და აღწერას. შემოსავლების სამსახურმა ორგანიზაციას ამ შეთავაზებაზე უარი უთხრა.
„თი-ვი ემ-არ საქართველოს“ დირექტორმა, ნინო გოგოლაძემ განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს თან ახლდათ IT სპეციალისტი, რომელსაც ორგანიზაციაშიაში არსებული ინფორმაცია უნდა ამოეღო:
„გვითხრეს, რომ მაშინ ამ ინფორმაციას ამოიღებდნენ ძალით. ჩვენ ვუთხარით, რომ ამ ინფორმაციის ამოღების პროცესს უნდა დასწრებოდნენ ჩვენი დამკვეთები, რომ მათთან პრობლემები არ გვქონოდა [მათი კონფიდენციალობა რომ არ დაირღვეს]. როგორც კი დავიწყეთ ჩვენს დამკვეთებთან რეკვა, ისინი წავიდნენ“, - განაცხადა გოგოლაძემ Media.Ge-სთან საუბრისას. საბოლოოდ, „თი-ვი-ემ-არ ჯორჯია“ 800 ლარით დაჯარიმდა.