
საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ევროსაბჭოს წინაშე დაადასტურა, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გავლით აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას გეგმავს და ამასთან, ოსური და აფხაზური პასპორტების ვალიდურობაც აღიარა.
ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ევროსაბჭოს ხუთი მომხსენებლის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
მისივე თქმით, 2008 წლის ომის მიზეზების შემსწავლელმა კომისიამ ვერ აღმოაჩინა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაული, ხოლო რუსულ მხარესთან ერთად დაიწყო გამოძიება ომის დროს ქართველი სამხედროების მიერ რუსი სამშვიდობოების მკვლელობის, ქართული ჯარის მიერ აკრძალული იარაღისა და ბრძოლის მეთოდების გამოყენების, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მანდატის მქონე ინსტიტუტზე (რუსი სამშვიდობოები) თავდასხმის კუთხით.
ჩიორა თაქთაქიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშიდან ამონარიდს:
"ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის 5 მომხსენებლის სპეციალური ანგარიშიდან რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან დაკავშირებით ვიგებთ საქართველოს ხელისუფლების მორიგი ტყუილის და ფარულ გეგმების შესახებაც. ეს ის საკითხებია, რასაც ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეების გასაგონად გადათქვამს ხოლმე საჯარო გამოსვლებში ან სადაც ხელისუფლება უკან იხევს საზოგადოების აქტიურობის ფონზე.
ანგარიშში წერია შემდეგი:
"იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ვაჭრობას და გაიზარდოს გადაადგილების თავისუფლება, ახალი მთავრობა აცხადებს, რომ მისი სურვილია განიხილოს სარგინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიასა და სოხუმის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის გავლით".
"მან ასევე გააუქმა წესები, რომელიც ართულებდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიერ გაცემული ეგრეთ წოდებული "პასპორტებით" გადაადგილებას საქართველოში და აღიარა ისინი ვალიდურ პირადობის ნამადასტურებელ დოკუმენტებად თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე".
"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით:
"საზღვრის უკანონო გადაკვეთის დეკრიმინალიზაცია არ მოხდება, მაგრამ პირველი დარღვევისთვის პასუხისმგებლობა იქნება პრაქტიკულად სიმბოლური. მიუხედავად იმისა, რომ ამ წინადადებას მწვავედ ეწინააღმდეგება ქართული ოპოზიცია, ჩვენი ვიზიტის დროს შევიტყვეთ, რომ ეს ცვლილება ყველაზე გვიან 2013 წლის ივლისში შევა ძალაში. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ცვლილებებს მიიჩნევს, როგორც არასაკმარისს იმისთვის, რომ ხელშესახები შედეგი ქონდეს".
აქვე ვიტყობთ, რომ "რუსეთის და საქართველოს მთავარი პროკურორები ღიად აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან ითანამშრომლონ ერთმანეთთან" ჰუმანიტარული სამართლისა და ომის დანაშულების გამოძიების პროცესში.
ხოლო ამავე მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მხარე იძიებს მხოლოდ ქართული მხარის მიერ ჩადენილ დანაშულებს:
"საგამოძიებო კომისიამ ჩაატარა გამოძიება ომის დროს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ შესაძლო ომის დანაშულებთან დაკავშირებით. მან დაასკვნა, რომ ვერ შეძლო ვერავითარი მტკიცებულების მოძიება, რომლითაც დამტკიცდებოდა, რომ ომის მიმდინარეობისას ან შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს ომის დანაშული ან დაარღვიეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.
საგამოძიებო კომისიამ დაიწყო გამოძება ომის დროს ქართველი სამხედროების მიერ რუსი სამშვიდობოების მკვლელობის, ქართული ჯარის მიერ აკრძალული იარაღისა და ბრძოლის მეთოდების გამოყენების, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მანდატის მქონე ინსტიტუტზე (რუსი სამშვიდობოები) თავდასხმის კუთხით."
უკვე მერამდენედ ატყუებს მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს! როგორც ჩანს, მალე უნდა ველოდოთ, რომ გაგვიხსნიან კრინიგზას, რომელიც მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნული ინტერესს. თურმე უკვე ვაღიარეთ სოხუმის და ცხინვალის მიერ გაცემული, ეგრეთ წოდებული "პასპორტები", როგორც "ვალიდური დოკუმენტები" და ამის შესახებ ჩვენ თვითონაც არ ვიცით. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცოდი და თქვენ?
და ბოლოს, საქართველოს მთავარი პროკურატურა აპირებს დახმარება აღმოუჩინოს რუსეთის პროკურატურას, რომ მათ ქართველების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები გამოძიონ! თუმცა, ალბათ ეს ნაკლები პრობლემაა პირველ ორთან შედარებით, რადგან წულუკიანი, კბილაშვილი და ნაცვლიშვილი გამოიძიებენ ომის დაწყებას თუ პუტინი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს", - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.