-
2020-04-16 19:56
გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ინფიცირებული მძიმე პაციენტების გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა, შესაძლოა, 3-დან 6 კვირამდე გახანგრძლივდეს, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის დიდი ტვირთია. ზახაშვილის თქმით, საჭიროა რაც შეიძლება ნაკლები მძიმე შემთხვევა დაფიქსირდეს ქვეყანაში და ნაკლებ პაციენტს დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია.
„რაც შეეხება ინდივიდთა გამოჯანმრთელებას, ეს კიდევ მეორე დიდი ტვირთია საზოგადოებისათვის, რაც ამ ვირუსმა შექმნა. რეალურად ეს აღმოჩნდა დაავადება და ისეთი რესპირაციული ვირუსი, რომელსაც იმაზე უფრო ხანგრძლივი გამოჯანმრთელების პროცესი აქვს, ვიდრე აქამდე კაცობრიობამ იცოდა. საერთოდ აღიწერება ასე, რომ საშუალოდ 2 კვირა სჭირდება გამოჯანმრთელებას, მაგრამ, რეალობაში მძიმე შემთხვევებისათვის ეს პერიოდი შეიძლება 3-დან 6 კვირამდე გახანგრძლივდეს, რაც ნამდვილად დიდი ტვირთია ჯანდაცვის სისტემისთვის და სწორედ ეს არის კიდევ ერთი გამოწვევა რის გამოც, ყველა ჩვენგანმა უნდა მივმართოთ ძალები იმისკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მძიმე შემთხვევა დაგვიგროვდეს ერთდროულად და ნაკლებს დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
მისივე განმარტებით, დღეისათვის კარანტინში განთავსებული არიან ის ადამიანები, რომლებიც ან ბრუნდებიან მაღალი რისკის ზონებიდან საქართველოში, ან უშუალო კონტაქტში იყვნენ დაავადებულთან ქვეყნის შიგნით და არ აქვთ თვითიზოლაციის საშუალება.
„საქმე იმაშია, რომ დაავადების გადამდებლობა არ არის 100% და შესაბამისად, ყველა კონტაქტირებული ნამდვილად არ ხდება ავად კოვიდინფექციით. ამიტომ კარანტინში მოთავსებულ ადამიანების ძირითადი უმრავლესობა ისე გაატარებს ამ 14 დღეს, რომ ისინი არ დაავადდებიან და ისინი გამოვლენ კარანტინიდან სრულიად ჯანმრთელები. ამის დაზუსტებისთვის არანაირი საჭიროება არ არის ჩატარდეს ტესტები ამ ეტაპზე“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.