
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 59 პაციენტია მოთავსებული, მათგან კორონავირუსი 11 პაციენტს დაუდგინდა. როგორც გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსით ინფიცირებულ არც ერთ პაციენტს, რომელიც რესპუბლიკურშია მოთავსებული, მართვითი სუთქვა არ სჭირდება.
„მოგეხსენებათ, რომ გუშინ ტესტირების შედეგად ჩვენ მიერ გამოვლენილი იქნა კიდევ 9 პაციენტი, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია და ყველა მათგანი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. მანამდე 3 პაციენტი იმყოფებოდა, სულ 12 გვყავდა, მაგრამ გუშინ ერთი პაციენტის გადაყვანა მოხდა ინფექციურ საავადმყოფოში იმიტომ, რომ მისი ოჯახის წევრები იქ არიან და ბუნებრივი და ნორმალური იყო, რომ ეს პაციენტიც იქ გადაიყვანეს. არც ერთ ჩვენს პაციენტს, რომელიც მოთავსებულია დღეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და დადასტურებული აქვს კოვიდინფექცია, საბედნიეროდ, არ სჭირდება მართვითი სუნთქვა, არ აქვთ მძიმე სუნთქვის მოშლა, თუმცა მათ უმეტესობას აქვს დადგენილი პნევმონია”, - განაცხადა გოფოძემ