
ჩვენ მზად ვართ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად კონკურენტუნარიანი ქვეყანა საერთაშორისო კომპანიებსა და ბიზნესებს შევთავაზოთ ჩვენი ბაზარი ალტერნატიულ პლატფორმად თავიანთი საქმიანობისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, პოსტკოვიდური ეპოქის მსოფლიო აღარ იქნება ისეთივე, როგორც ეს მანამდე იყო - ეკონომიკა შეიცვლება და ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ძვრებიც იქნება.
„ის ტრადიციული ინდუსტრიული ჰაბები, რაც აქამდე იყო ჩამოყალიბებული სხვადასხვა ქვეყნებში, იქნებოდა ეს ჩინეთი თუ რომელიმე სხვა რეგიონი, ალბათ შეიცვლება. შექმნილმა სიტუაციამ გვიჩვენა, რომ მნიშვნელოვანი წარმოების, თუნდაც შუალედური სამრეწველო წარმოების ერთ რეგიონში, ერთ ქვეყანაში მაღალი კონცენტრაცია გარკვეულ რისკებს ქმნის და დღესდღეობით შექმნილმა მოულოდნელმა პრობლემამ მთლიანად გლობალური ეკონომიკის პარალიზება მოახდინა გარკვეულწილად“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.