
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველა პირი, ვისაც ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკება ეხებოდა, უნდა გათავისუფლდეს. მისივე თქმით, ვიდრე შეთანხმების ორივე კომპონენტი არ შესრულდება, შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება.
გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ ახლაც არ გაქრება ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის ილუზია, რომ ამ უმძიმესი გამოწვევის დროს, რომელიც დგას მთელი მსოფლიოსა და საქართველოს წინაშე, დემოკრატიასა და ამ ტიპის საკითხებს მნიშვნელობა არ აქვს, ბიძინა ივანიშვილი დიდ რისკზე წავა, რაც მთელი ქვეყნისთვის ზიანის მომტანი იქნება.
„იმ დროს, როდესაც საქართველოს სჭირდება ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარება და ყურადღება, ამ უმძიმესი გამოწვევის დროს, ამ ტიპის პრობლემების შექმნა ქართული დემოკრატიისთვის და დადებული პირობის არშესრულება, არის დამატებითი ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ გვინდა ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მაგრამ მე გავრისკავდი და ვიტყოდი მთელი პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების სახელით, რომ ახლა ჩვენ გვაწუხებს ეს უმძიმესი გამოწვევა, მაგრამ საქართველო და მსოფლიო ამას გადალახავს და ჩვენ გვექნება არჩევნები და საქართველოს სჭირდება ნორმალური ვითარება. ნორმალურ ვითარებას სჭირდება ამ შეთანხმების შესრულება და ილუზია, რომ ყურადღება გადატანილია და არავინ არ მიაქცევს, არის უბრალოდ სიბრიყვე, ოღონდ ქვეყნისთვის საზიანო სიბრიყვე და ამ ფასს გადაიხდის თვითონ ივანიშვილი, მაგრამ, სამწუხაროდ, გადაიხდის ქვეყანაც. ვიდრე არ შესრულდება ორივე კომპონენტი, შეთანხმება არ არის შესრულებული. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა ინსტრუმენტით შეასრულებს ივანიშვილის ხელისუფლება ამას, იქნება ეს აპელაცია, შეწყალება. შედეგი უნდა დადგეს და ყველა ის პირი, ვისაც ეხებოდა ეს მოლაპარაკება უნდა იყოს თავისუფალი და საარჩევნო კოდექსზე მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს. თუ რამე არ შესრულდა, ესე იგი შეთანხმება მთლიანად ჩაშლილია,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.