-
2020-04-14 12:14
ეროვნული ბიბლიოთეკის ვირტუალური მუზეუმი დედა ენის გამოფენას მასპინძლობს. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას” ბიბლიოთეკიდან აცნობეს.
მათი ცნობით, ეროვნულ ბიბლიოთეკას დღეიდან საკუთარი ვირტუალური მუზეუმი აქვს.
„ბიბლიოთეკის ულამაზესი საგამოფენო დარბაზი უკვე ონლაინ შეგიძლიათ დაათვალიეროთ. დარბაზში პერიოდული თემატური გამოფენები გაიმართება.
ვირტუალური მუზეუმის პირველი გამოფენა ქართული ენის დღეს, 14 აპრილს მიეძღვნა. ვირტუალურ საგამოფენო სივრცეში ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული, სხვადასხვა დროს გამოცემული დედა ენის უნიკალური ეგზემპლარები გამოიფინა.
ვირტუალური ექსპოზიცია ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეებისთვის იქნება საინტერესო.
ეროვნული ბიბლიოთეკა გილოცავთ ქართული ენის დღეს!” - ნათქვამია ინფორმაციაში.