
ინფიცირებული ექიმი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სიმპტომები მას გამოუვლინდა გუშინ, ბოლო მორიგეობა კი 31 მარტს ჰქონდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განუცხადა.
„თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო არის არა პაციენტი, არამედ ექიმის მეუღლე. ის წარმოადგენს ეროვნული ბანკის კლასტერს. ინფიცირებული ექიმი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სიმპტომები მას გამოუვლინდა გუშინ, ბოლო მორიგეობა კი 31 მარტს ჰქონდა. დაინფიცირების რისკი მასთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლებისთვის არის დაბალი, მაგრამ პრევენციული ზომებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თვითიზოლაციაში გადავიდეს ყველა პირი, ვისთანაც ამ ექიმს ჰქონდა კონტაქტი. მოგეხსენებათ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი გამოძახებებზე სრულად აღჭურვილი და დაცული დადის, შესაბამისად, ინფექციის გადადების შანსი ნაკლებია. ყველა ის პირი, პაციენტებიც და სამედიცინო პერსონალიც, ვისთანაც ამ ექიმს ჰქონდა კონტაქტი, იდენტიფიცირებულია.
როგორც კი მისი მეუღლე საეჭვო შემთხვევად ჩაითვალა, ის თვითიზოლაციაში გადავიდა და მას სასწრაფო დახმარების ექიმთან შეხება არ ჰქონია.“, - განაცხადა გოგიტიძემ.