
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ 6 ქართველი პაციენტის კორონავირუსის გენი გაშიფრულია.
პაატა იმნაძის განმარტებით, აღნიშნულის შედეგად შესაძლებელია, თვალი მიადევნონ, პაციენტებში აღმოჩენილი შტამები უცხოეთის რომელ ქვეყანაშია გავრცელებული.
„მინდა, სიამაყით განვაცხადო, რომ 6 შტამი, ანუ 6 ქართველი პაციენტის ვირუსის გენი გაშიფრულია. ატვირთულია ვირუსების გენომების მსოფლიო ბაზაში. მაგალითად, ირანული წარმოშობის ავადმყოფის ვირუსის გენი კარგად ჩაჯდა ირანულ ჯგუფში, იტალიური წარმოშობის – იტალიურ ჯგუფში. ეს ვირუსები განსხვავდებიან. ვირუსის გავრცელებასთან ერთად მისი მუტაცია სულ ხდება და კორონავირუსის ეს შტამები ერთმანეთისგან განსხვავდება. შედეგად, ჩვენ ადვილად მივადევნებთ თვალყურს, არა მარტო ჩვენი პაციენტები საიდან ჩამოვიდნენ, არამედ ვირუსს რომ გამოვყოფთ, ვიცით ის ვირუსი, რომლის ნათესავია, რომელი ქვეყნაშია გავრცელებული. სხვათა შორის, გვქონდა შემთხვევა, ჩვენი პაციენტი ამბობდა, რომ მას შეხვედრა ჰქონდა რამდენიმე ქვეყნის უცხოელთან. დავადგინეთ, რომელი უცხოელისგან იყო ინფიცირებული, რადგან იმ ქვეყანაში გავრცელებული შტამის იდენტური იყო მისი ვირუსი. ამას აკეთებს დღეს ლუგარის ცენტრი ზუსტად ისე, როგორც მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიები“, – განაცხადა გადაცემა „პრაიმშოუში“ პაატა იმნაძემ.