-
2020-03-30 16:56
სამწუხაროდ, კორონავირუსი ყველა ასაკის ადამიანს ეხება, ნუ ჩავთვლით, რომ ეს ვირუსი მხოლოდ მოხუცებისა და რისკჯგუფების დაავადებაა, ამას დიდ შეცდომაში შევყავართ, - ამის შესახებ საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა ექიმმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
სოფიო ბერუაშვილის განმარტებით, ჰოსპიტალში, სადაც ის მუშაობს, პაციენტების მხოლოდ 50%-ია 70 წელს გადაცილებული.
„ყველასთვის ცნობილია, რომ რაც უფრო ასაკოვანია პაციენტი, მით უფრო მეტი დაავადება აქვს და მეტად არის რისკჯგუფში, თუმცა ჩვენს ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების 50%-ია 70 წელს გადაცილებული ადამიანები, მაგრამ ის 50% არ უნდა დავივიწყოთ, ვინც 70 წელს ქვემოთ არის. დაახლოებით 20% 40-დან 50 წლამდე პაციენტი გვყავს კორონავირუსით ინფიცირებული. ასევე, როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში 16 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც არანაირი რისკჯგუფის მატარებელი არ იყო და არანაირი დაავადება არ ჰქონდა. 24 საათში დამძიმდა მდგომარეობა და სამწუხაროდ, ლეტალური შედეგით დასრულდა“, - განაცხადა სოფიო ბერუაშვილმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.