-
2013-06-07 16:17
საქართველოში გლოვის დღეა. დროშები უკვე დაუშვეს ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე - პრეზიდენტის სასახლე, სამინისტროები, დედაქალაქის მერია, საზღვარგარეთ მოქმედი საქართველოს ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა.
პრეზიდენტმა 7 ივნისი გლოვის დღედ გამოაცხადა. ჰელმანდის პროვინციაში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას საქართველოს 7 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. დაჭრილია 9 ჯარისკაცი.
ოფიციალური ინფორმაციით, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ ბაზასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. თავდასხმის დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე.
ავღანეთში დაღუპული 7-ვე ჯარისკაცი მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე იყო.
კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი და გიორგი ღუჭაშვილი მისიის შესასრულებლად ავღანეთში 2013 წლის აპრილში გაემგზავრნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებს. თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩავიდა. ირაკლი ალასანია დაჭრილ სამხედროებს მოინახულებს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ადგილზე, პრემიერთან შეთანხმებით, ბრიუსელიდან გაემგზავრა.
ალასანია უკვე შეხვდა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს. ბისმელა მოჰამადმა მწუხარება გამოთქვა ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქართული ჯარის თავდადებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ აქტიური და პროფესიონალური ბრძოლისთვის. ორი ქვეყნის მინისტრებმა ავღანეთში ამ დროისთვის არსებული ვითარება და მოქმედების სამომავლო გეგმები დეტალურად განიხილეს.
დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯარისკაცები ამ დროისთვის ბაზა "ბასტიონზე", მთავარ ჰოსპიტალში მკურნალობენ. ქართული ბატალიონების დისლოკაციის ადგილებზე კი საგანგებო ზომებია მიღებული.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სამხედროები ამ დროისთვის სიტუაციას სრულად აკონტროლებენ. დაღუპულების ოჯახების წევრებს კი მომხდარის შესახებ გუშინ, საღამოს 7 საათისთვის შეატყობინეს.