
გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმის რადის შენობას „ყირიმის რუსულენოვანი მოსახლეობის თავდაცვითი რაზმები“ აკონტროლებენ. შეიარაღებული პირები შენობაში გუშინ ღამით შეიჭრნენ.
ინფორმაციას ოფიციალური პირებიც ადასტურებენ, ხოლო ყირიმელი თათრების მეჯლისის ლიდერმა რეფატ ჩუბაროვმა „ტვიტერზე“ დაწერა:
„დამირეკეს 20 წუთის წინ და მითხრეს, რომ ყირიმის უმაღლესი რადასა და მინისტრთა საბჭოს შენობა, უნიფორმაში ჩაცმულმა შეიარაღებულმა ხალხმა დაიკავა, მოთხოვნები მათ ჯერ არ წაუყენებიათ.“
ინფორმაცია ამის შესახებ დაადასტურა აგრეთვე ყირიმის პარლამენტის პრეს-სამსახურმაც, წერს რუსული მედია. მათ გაავრცელეს სურათები, რომელზეც ასახულია, როგორ ფრიალებს რუსეთის სახელმწიფო დროშა რადის შენობის თავზე.