
პოლიტიკურად უპასუხისმგებლო დაჯგუფება, რომელიც მხოლოდ თვითპიარზე ფიქრობს და არც საქართველოში მიმდინარე პროცესები ანაღვლებს და, მით უმეტეს, არც უკრაინაში. - ამ კონტექსტში ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მოიხსენია.
ვიცე-პრემიერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა, რომელიც ბოლო პერიოდში კიევში იმყოფება:
„ამ პარტიის ლიდერი, მოქალაქე სააკაშვილი ბედავს და უკრაინის მოვლენებზე ცდილობს საკუთარი პიარის აგორებას. სააკაშვილი, რომლის რეჟიმი ზუსტად იანუკოვიჩის მსგავსად უარყო საკუთარმა ამომრჩეველმა.
მომხვეჭელობა, კანონის საკუთარ თავზე მორგება, დასვენებისა და კომფორტის მოგვარება ხალხის ხარჯზე - ესაა სააკაშვილის და იანუკოვიჩის გუნდების საერთო ხელწერა და დანაშაული საკუთარი მოსახლეობის წინაშე“, - აცხადებს კახა კალაძე.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, რუსეთის მხრიდან პროვოკაციების ფონზე „ნაციონალური მოძრაობა“ აჟიტირებული განცხადებებით ცდილობს ყურადღების მიპყრობას, ხოლო მათი განცხადებები უკვე გადავიდა სასაცილოდან იდიოტიზმისა და ქვეყნის პოლიტიკისთვის საზიანო ფაზაში.
ამ კონტექსტში კახა კახა კალაძემ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის გამოსვლა გაიხსენა, სადაც, კალაძის თქმით, მან განაცხადა, რომ საქართველოში რუსეთის ჯარი არ დგას.
ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ მცოცავი ოკუპაციის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მიმდინარე პროცესების სტაბილურობას, სიტუაციის მონიტორინგს საოკუპაციო ზონაში, ასევე უკრაინასთან და რუსეთთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას.
კახა კალაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ისტერიული მდგომარეობა ქვეყნის პრემიერმინისტრის წარმატებული ვიზიტით არის განპირობებული.
„მინდა მოვთხოვო „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს, გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ ყველა იმ იძულებით გადაადგილებულ პირს, ყველა იმ ოჯახს, ვისი წევრიც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას, ყველა იმ მოქალაქეს, ვინც მავთულხლართების ორივე მხარეს ოცნებობს ერთიან, დეოკუპირებულ ქვეყანაზე“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ „კიევში პროტესტი არ სცდება გრუშევსკის ქუჩას“.
ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ ფანჯარას შესაბამისი წარწერით