
ყირიმში მიმდინარე აქციის სისხლიან დაპირისპირებაში გადაზრდის საფრთხე განეიტრალდა: ყირიმის რადას რიგგარეშე სხდომა გადაიდო.
ექსპერტები და ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ დაპირისპირების შემთხვევაში მსხვერპლი უფრო დიდი იქნებოდა, ვიდრე ეს ევრომაიდანზე იყო.
სიმფეროპოლში ყირიმის რადასთან აქციის ერთ მხარეს ეთნიკური რუსები და უკრაინელების ნაწილი ,,რუსეთს“ სკანდირებდა, მეორე მხარეს კი ყირიმელი თათრები, დანარჩენ უკრაინელებთან ერთად – ,,ყირიმი, უკრაინა“–ს. ყირიმის მოსახლეობის 60 პროცენტი ეთნიკური რუსია, 12 პროცენტს შეადგენენ თათრები და დანარჩენს - უკრაინელები.
აქცია სიმფეროპოლში რადას სხდომის დაწყების პარალელურად დაიწყო. რადგან ყირიმში ვარაუდობდნენ, რომ დღევანდელ სხდომაზე ყირიმის რადა უკრაინის შემადგენლობიდან გასვლის საკითხს განიხილავდა.
თუმცა, როგორც რადას სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინოვმა განაცხადა, ეს არასწორი ინფორმაციაა და დღევანდელ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე რადიკალური გადაწყვეტილების მიღება, რომელიც უკრაინის შემადგენლობიდან ყირიმის გასვლას გულისხმობს არ იგეგმება.
"ყირიმის პარლამენტი არ აყენებს საკითხს უკრაინის შემადგენლობიდან გამოსვლის თაობაზე. ამ ინფორმაციის გავრცელება პროვოკაციაა, რომელიც ავტონომიის უმაღლესი რადას დისკრედიტაციას ისახავს მიზანად", - განაცხადა კონსტანტინოვმა.
გავრცელებული ინფორმაციით კი, ორი კვირის უკან რადის სპიკერმა ვლადიმერ კონსტატინოვმა განცხადა, რომ თუ ქვეყანა ჩამოიშლება და ყველაფერი ამისკენ მიდის, ყირიმის პარლამენტმა უკვე განიხილა რუსეთისთვის დახმარების თხოვნის საკითხი.