
რუსი სპორტსმენების დოპინგ–სკანდალი, შესაძლოა, სულ მალე სპორტული სამყაროს მთავარ სკანდალად იქცეს: გერმანული WDR წერს, რომ სოჭის ოლიმპიადამდეც და ოლიმპიადაზეც რუსები დოპინგის ტოლფას გაზს იყენებდნენ.
გამოცემის ინფორმაციით, იმის გამო, რომ დოპინგის ჩვეულებრივ, დღემდე არსებულ ტესტებში ინერტული გაზის Xenon–ის მოქმედება არ აისახება, რუსი სპორტსმენების მიერ მიღებული პრეპარატებისა და ნაერთების ჩამონათვალში Xenon მითითებულია, თუმცა, ცხოველებზე ცატარებული ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ მისი მიღება ერიტროპროეტინს (EPO) წარმოქმნის, რაც დოპინგის მიღების ტოლფასია.
უფრო კონკრეტულად, Xenon–ისმიღების შემდეგ ორგანიზმში EPO–ს კონცენტრირება 160%–ით იზრდება 24 საათის განმავლობაში. ერიტროპროეტინი საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს (Welt-Anti-Doping-Agentur (WADA) მიერ აკრძალული ნაერთია და კატეგორიულად დაუშვებელია, ის სპორტსმენის ორგანიზმში ფიგურირებდეს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, WADA ამ საკითხს პირველივე სხდომაზე განიხილავს და შესაძლოა, რუსი სპორტსმენები ფრიად უსიამოვნო, მსოფლიო მასშტაბის სკანდალში აღმოჩნდნენ გახვეული.