-
2014-02-25 02:29
საქართველოს პრემიერმინისტრმა თეთრ სახლში აშშ–ის პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან და ვიცე–პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამაღთული შეხვედრების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველო აშშ–სთან ურთიერთობაში რეალურად ახალ ურთიერთობაზე გადადის.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„ჩვენმა მთავრობამ აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის სახელით სრული მხარდაჭერა მიიღო. მათ დაგვიდასტურეს, რომ აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს. მე ასევე მივიღე დადასტურება და მზადყოფნა ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ.
მთლიანობაში ეს იყო ძალიან პოზიტიური და ნაყოფიერი შეხვედრა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აშშ-ი საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ ურთიერთობების გაღრმავებას და განმტკიცებას. საქართველო, აშშ-თან ურთიერთობების სფეროში, რეალურად ახალ ეტაპზე გადადის", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტთან თეთრ სახლში გაიმართა. შეხვედრა დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა და მას საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო.