
მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს მოსაყდრე ეყოლება. სრულიად უკრაინისა და კიევის მიტროპოლიტი, უნეტარესი ვლადიმერი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ აგრძელებს თავისი მოვალეობის აღსრულებას.
ამიტომ დღეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე, სრულიად უკრაინისა და კიევის სამიტროპოლიტო კათედრის მოსაყდრედ გამორჩეულ იქნა ჩერნოვიცისა და ბუკოვინის მიტროპოლიტი ონოფრე.
ამიერიდან, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებსა და მონასტრებში, ღვთისმსახურებისას ერთდროულად მოიხსენიება უნეტარესი მიტროპოლიტი ვლადიმერი და მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ონოფრე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელთა ნაწილი მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს უნდობლობას უცხადებს და მიიჩნევს, რომ ის უკრაინაში რუსეთის სახელმწიფო ინტერესების გამტარებელია. მორწმუნე მრევლის ეს ნაწილი პატრიარქად კიევის საპატრიარქოს მეთაურს – ფილარეტს მოიხსენიებს.