
უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს, ჯერჯერობით, ქვეყანა არ დაუტოვებია – ის ხარკოვთან ახლოს იმყოფება.
იანუკოვიჩის ამჟამად ხარკოვთან ახლოს მდებარე, ერთერთი გავლენიანი ჩინოვნიკის აგარაკზეა. ამის შესახებ „დონეცსკიე ვესტი“ იტყობინება.
გამოცემის ვერსიით, იანუკოვიჩის „ბორტი ნომერ პირველი“ გუშინ არაბთა გაერთიანებულ საამიროში გადაფრინდა, რათა მთელი ყურადღება თვითმფრინავისკენ გადასულიყო, თავად იანუკოვიჩი კი ფარულად ჩავიდა ხარკოვში, რათა მონაწილეობა მიიღოს ყველა დონის დეპუტატთა ყრილობაში.
პირველადი გეგმა იანუკოვიჩის ყრილობაზე გამოსვლას და სამხრეთ–აღმოსავლეთის ახალი რესპუბლიკის გამოცხადებას გულისხმობდა, რომელიც უკრაინას უნდა გამოყოფოდა. რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტი ვლადიმირ პუტინი უნდა გამხდარიყო, რომელიც იქ განსაზღვრულ სამხედრო კონტიგენტს შეიყვანდა.
გამოცემა წერს, რომ ბევრისთვის მოულოდნელად ვლადიმირ პუტინმა არათუ სამხედრო დახმარებაზე, ახალი რესპუბლიკის აღიარებაზეც კი უარი უთხრა ვიქტორ იანუკოვიჩს. ამ დემარშის შემდეგ პროექტის მომხრეებმა მის რეალიზებაზე უარი თქვეს და გადაწყვიტეს, ყრილობაზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა გამოეცხადებინათ. ცნობილია, რომ თავად იანუკოვიჩი ყრილობაზე წასვლას არ აპირებს.
ამ დროისთვის, „დონეცკსკიე ვესტის“ მიხედვით, იანუკოვიჩის გარემოცვა ეძებს უკრაინიდან გასვლის გზებს. ჯერჯერობით, მთავარ პრობლემად ის რჩება, რომ რამდენიმე ქვეყანამ იანუკოვიჩისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი განაცხადა.