-
2013-05-18 14:13
უცხოური მედია თბილისის ცენტრში ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის დარბევას ეხმაურება.
"ეს არ იყო მემარჯვენე ექსტრემისტთა ბრბო. ესენი ჩვეულებრივი ქართველები იყვნენ: ზოგიერთი ერთობ პატივსაცემი მოხუცი ქალბატონი იყო, ასაკიანი მამაკაცები და კარგად ჩაცმული ახალგაზრდები. მათ ლიდერობას ეკლესიის მღვდლები უწევდნენ. გაშმაგებულმა ბრბომ ადვილად გაარღვია პოლიციის კორდონი და ქვები დაუშინეს იმ ავტობუსს, რომელშიც პოლიციამ ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველები მოათავსა", - იტყობინება "ბიბისი".
"არა მენტალურ გენოციდს", "არა ჰომოსექსუალებს" – ასეთი სლოგანებით დაუპირისპირდნენ ძირითადად ახალგაზრდებით შემდგარი ბრბო ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველებს, რომელთა 50-კაციან ჯგუფს ჰომოფობიის წინააღმდეგ დემონსტრაციის გამართვის სურვილი ჰქონდათ. თუმცა, ათასობით ადამიანმა მათ ქვები და კვერცხები დაუშინა. მიუხედავად დაპირებებისა, პოლიციამ ვერ შეძლო "იდენტობის" წარმომადგენელთა აქციის გამართვის უზრუნველყოფა. მომხდარი მოგვიანებით დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა," - წერს "ნიუ იორკ თაიმსი".
"საქართველო ერთ-ერთია იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რომელიც კანონით კრძალავს ჰომოსექსუალთა დისკრიმინაციას. თუმცა, ტრადიციულ ორთოდოქსულ ქვეყანაში ჰომოსექსუალობა ნორმიდან გადახრად ითვლება. შედეგად ჰომოსექსუალი ადამიანები ხშირად ხდებიან ძალადობისა და შეურაცხყოფის სამიზნე", - აღნიშნავს Daily Mail.
"საქართველოში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე დრამატულად დასრულდა. აქციის მონაწილეები მღვდლებმა და ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ მებრძოლმა დემონსტრანტებმა დაარბიეს. რელიგიურ და ეროვნულ სამოსში გამოწყობილი დემონსტრანტები თბილისის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ და ეროვნულ სლოგანებს სკანდირებდნენ", - წერს "ევრონიუსი".
"დემონსტრაციამდე ორი დღით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში სექსუალურ უმცირესობებს "იგივე უფლებებები აქვთ, რაც სოციალური ფენების სხვა წარმომადგენლებს" და რომ საზოგადოება ამას "თანდათანობით მიეჩვევა". თუმცა, თუ თბილისში 17 მაისს განვითარებული მოვლენებით ვიმსჯელებთ, ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასასვლელი", - წერს Foreign Policy.