ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურა აუდიო და ვიდეო მტკიცებულებებს აქვეყნებს

Image

საქართველოს მთავარი პროკურატურა ეწ ციანიდის საქმეზე აუდიო და ვიდეო მტკიცებულებათა ნაწილს აქვეყნებს.

 

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულმა დეკანოზმა ციანიდი არა პროკურატურის მთავარი მოწმისგან ირაკლი მამალაძისგან, არამედ სხვა პირისგან შეიძინა.

 

,,ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ. 

 

მოცემული ეტაპისთვის ჩატარებულია ოცდაათზე მეტი მოწმის დაკითხვა, სულ ჩატარებულია ოთხმოცდაათამდე საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის დათვალიერდა და ამოღებული იქნა მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ელექტრონული ინფორმაციის სხვა მატარებლები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა ნაწილზე უკვე მივიღეთ დასკვნები, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ვისაუბროთ გამოძიების შუალედურ შედეგებზე და გავასაჯაროვოთ საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი.

 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს მოქალაქე ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა შხამიანი ნივთიერების - კალიუმის ციანიდის მოძიებაში დახმარება. ამასთან ირაკლი მამალაძემ პროკურატურაში წარმოადგინა მის მიერვე ფარულად ჩაწერილი გიორგი მამალაძესთან შეხვედრის ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალა და ამ უკანასკნელის მიერ გადაცემული ფურცელი, რომელზეც იყო ბრალდებულის ხელნაწერი სიტყვები - „კალიუმ ციანიდი“. ირაკლი მამალაძის განცხადებით, როგორც მან შეხვედრისას გაარკვია, გიორგი მამალაძე გეგმავდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფას.

 


ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძეს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ასევე ჰპირდებოდა მომავალში არამართლზომიერ სარგებელს. ბრალდებული გეგმავდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა თანმხლებ პირებთან, მათ შორის შორენა თეთრუაშვილთან ერთად, რის გამოც  იგი ცდილობდა, სასწრაფო წესით შხამიანი ნივთიერება გერმანიაში გამგზავრებამდე შეეძინა.
ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ფაქტის სირთულის გათვალისწინებით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შემუშავდა სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა გეგმა, რომლის განხორციელება დაიწყო დაუყოვნებლივ. ვინაიდან ირაკლი მამალაძემ ნებაყოფლობით გამოთქვა სურვილი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და მზადყოფნა ჩართულიყო შესაბამის ღონისძიებებში, დაიგეგმა განმცხადებლისა და ბრალდებულის შეხვედრები და მათი ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზანს წარმოადგენდა გამოაშკარავებულიყო ბრალდებულის რეალური განზრახვა, მიზანი, მოტივი და შესაძლო თანამზრახველები.

 


სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაიგეგმა და განხორციელდა ირაკლი მამალაძის ბრალდებულ გიორგი მამალაძესთან შეხვედრების ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დადასტურდა გიორგი მამალაძის მიერ შხამიანი ნივთიერების - ციანიდის შეძენის განზრახვა, ასევე ის ფაქტი, რომ იგი შხამიანი ნივთიერების გამოყენებას გეგმავდა ადამიანის წინააღმდეგ.  პირველი შეხვედრისას, ირაკლი მამალაძემ დეკანოზს აცნობა, რომ კალიუმის ციანიდის მოძიება განსაკუთრებულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და შესთავაზა მის ნაცვლად ნატრიუმის ციანიდის შეძენა, რომელიც აქტიურად გამოიყენება და იწარმოება საქართველოში.

 

ბრალდებული დაინტერესდა ნატრიუმის ციანიდს ექნებოდა თუ არა რეაქცია და მიიღებდა თუ არა სასურველ შედეგს. სწორედ ამ შეხვედრისას,  4 თებერვალს - 16 საათსა და 28 წუთზე, ბრალდებულმა მისივე ტელეფონის გამოყენებით ინტერნეტში მოიძია ინფორმაცია ნატრიუმის ციანიდის შესახებ, რომლის მიხედვითაც გაარკვია, რომ დასახელებული ნივთიერება იყო ძლიერმოქმედი  შხამი და მისი ზემოქმედების მომწამვლელი ეფექტი ადამიანზე კალიუმის ციანიდის  ანალოგიურია. მას შემდეგ, რაც ბრალდებული დარწმუნდა, რომ ნატრიუმის ციანიდის გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო სასიკვდილო შედეგის დადგომა, ირაკლი მამალაძეს სთხოვა მისი შეძენა. ამავდროულად, საუბარში ჩანს, რომ გიორგი მამალაძე მისი ქმედებების შედეგებს უკავშირებდა გარკვეულ იერარქიულ წინსვლას, რაც გაზრდიდა მის ძალაუფლებას საპატრიარქოში და აქედან გამომდინარე ირაკლი მამალაძესაც ჰპირდებოდა „კარგ ადგილს“.

 


2017 წლის 6 თებერვლის შეხვედრის შემდგომ, ბრალდებული ელოდებოდა თანხის გამოგზავნას შეთანხმებისამებრ ირაკლი მამალაძისთვის გადასაცემად, თუმცა მათ შორის შეხვედრა აღარ შედგა და ბრალდებულმა ნატრიუმის ციანიდი  ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პირისგან შეიძინა და ისე რომ აღარ დაკავშირებია ირაკლი მამალაძეს, 10 თებერვალს მიემგზავრებოდა გერმანიაში.  

 

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ  ბრალდებულს წინა თვეებშიც ჰქონდა მცდელობა მომწამლავი ნივთიერება კალიუმის ციანიდი შეეძინა სხვა პიროვნებისგანაც, რომელსაც სთხოვდა შხამიანი ნივთიერების უცხოეთიდან ჩამოტანას.

 

2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

 


ბრალდებულის კუთვნილ “SAMSUNG”-ის ფირმის მობილურ ტელეფონზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით, დადგინდა  რომ გიორგი მამალაძე, მკვლელობის მიზნით კალიუმის ციანიდის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა ინტერნეტ საძიებო სისტემა GooGle-ის მეშვეობით. იგი ასევე ინტერესდებოდა აღნიშნული ნივთიერების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე და მოწამვლის სიმპტომებით. აღნიშნული ინფორმაციის მოძიებას ბრალდებული ახდენდა მისსავე სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის მეშვეობით 2016 წლის 27 დეკემბრიდან მოყოლებული სისტემატიურად. ყველა შემთხვევაში, ბრალდებული ინტერესდებოდა აღნიშნული ნივთიერების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე და მოწამვლის სიმპტომებით.

 

ასევე, ირაკლი მამალაძის მიერ გამოძიებისთვის წარმოდგენილ ფურცელზე ხელნაწერით „კალიუმ ციანიდი“ ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ხსენებული ხელნაწერი შესრულებულია გიორგი მამალაძის მიერ.

 

ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და  თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

 

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება წარედგინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების, ასევე,  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და  შენახვის ფაქტზე.

 


ვინაიდან, საქმეზე მოპოვებული ცალკეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არსებობდა ეჭვი, რომ გიორგი მამალაძე შესაძლოა ამზადებდა სხვა პირების მკვლელობასაც, ასევე, რომ იგი სავარაუდოდ მოქმედებდა თანამზრახველებთან ერთად, გაძლიერებულ იქნა გერმანიაში ყოფნის დროს პატრიარქის უსაფრთხოება. აღნიშნული ვარაუდის საფუძველზე, მთავარი პროკურატურა აგრძელებს მუშაობას რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შესაბამისად, ამ ეტაპზე გასაჯაროვდა მხოლოდ ვიდეოჩანაწერების და ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი. 
ასევე გვინდა შევეხოთ ბრალდებულის დაკითხვას. შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ ბრალდებულმა აქამდე დასმულ ვერც ერთ მნიშვნელოვან კითხვას დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა, იყო კრიტიკული შეკითხვები, რომელზედაც  საერთოდ უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე. ის ინფორმაცია, რაც გიორგი მამალაძემ მიაწოდა გამოძიებას, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის იმ მტკიცებულებებთან, რომლითაც დასტურდება მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის შესაძლო ფაქტი და მათ შორის იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც დღეს გასაჯაროვდა.

 

შესაბამისად, გიორგი მამალაძის ვერსია, რომ თითქოსდა ის შორენა თეთრუაშვილის თხოვნით ცდილობდა კალიუმის ციანიდის შეძენას, რომელიც თითქოსდა საჭირო იყო საპატრიარქოში მომუშავე ოქრომჭედლისთვის, არის აბსურდული და ცალსახად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული ვერსიის განვითარებით იგი ცდილობს ბრალად შერაცხული დანაშაული გადააბრალოს იმ მხარეს, ვისთანაც მისივე ჩვენებით, არის დაპირისპირებული და ვის წინააღმდეგაც მიმართული იყო მისი ქმედება. ამავდროულად, ამით ბრალდებული  მამალაძე ცდილობს ბრალდების მოწმეების დისკრედიტაციას.

 

ნათელია, რომ ბრალდებული მიზნად ისახავს წარმოჩნდეს მსხვერპლად და თავი აარიდოს მოსალოდნელ მძიმე სასჯელს. პროკურატურის მიერ ამ ეტაპზე უკვე უზრუნველყოფილია ბრალდებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოება და იმედს ვიტოვებთ, რომ გიორგი მამალაძე შეასრულებს პირობას და გასცემს პასუხებს გამოძიებას მის მიმართ არსებულ კითხვებზე.

 


საქართველოს პროკურატურამ დღეს საზოგადოებას მიაწოდა ის შუალედური შედეგები, რომელიც არ დააზიანებდა გამოძიების ინტერესებს. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ამ საქმის მიმართ არსებული განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესი, თუმცა მიუხედავად ამისა, ვინაიდან გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, გვინდა ყველას მოვუწოდოთ მოთმინებისკენ, რომ გამოძიებას მიეცეს შესაძლებლობა ნორმალურ ვითარებაში ჩაატაროს საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის საფუძველზეც ბრალდების მხარე წარსდგება სასამართლოს წინაშე. ამავდროულად, პროკურატურა პერიოდულად გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების შესახებ. 

 

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე."-ნათქვამია განცხადებაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !